ღვაწლმოსილი ოპერატორების დაჯილდოება

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღვაწლმოსილი ოპერატორები, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლები - ენემეო სიდიანი და ზურაბ კობახიძე  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უმაღლესი საბჭოს ყველაზე მაღალი ჯილდო ორივე მათგანს დამსახურებულად ერგო, რადგან ისინი აფხაზეთში - ომის დროს და შემდგომ დევნილობაშიც მაღალი მოქალაქეობრივი თავგანწირვით და პროფესიული ინტერესით იყვნენ გამორჩეული.

ოპერატორის პროფესიას ენემეო სიდიანი და ზურაბ კობახიძე აფხაზეთის ომის დროს შექმნილ ქართულ ტელევიზიაში დაეუფლნენ და მას შემდეგ კამერით ხელში არც ომის წინა ხაზს მორიდებიან და არც ტელესტუდიას სოხუმში, რომელიც ისევე იყო მოწინააღმდეგის ჭურვის სამიზნე, როგორც უშუალო საბრძოლო პოზიცია.

დევნილობიდან რამდენიმე თვეში - 1994 წლის 2 თებერვალს აფხაზეთის ტელევიზიამ შეძლო დედაქალაქიდან მაუწყებლობის აღდგენა, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ენემეო სიდიანი და ზურაბ კობახიძე. ორივე ოპერატორი ხასიათდება მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსის მატარებელ გამორჩეულ პროფესიონალად. უპირველესად სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისინი აფხაზეთის ტელევიზიის სამართალმემკვიდრე საინფორმაციო სამსახურში დღემდე ერთგულად მოღვაწეობენ, მიუხედავად არცთუ მაღალი ანაზღაურებისა.

სადღეისოდ აქტიურად ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში როგორც საარქივო მასალები, ასევე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვიდეო სიუჟეტები, სხვადასხვა ჟანრის პროექტები, რომელთა ავტორებად ძალიან ხშირად გვევლინებიან ენემეო სიდიანი და ზურაბ კობახიძე.

ორივე ოპერატორმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოების რეკომენდატორებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაფასებისათვის. ამასთან, გამოთქვეს სურვილი, რომ ერისა და ბერის ძალისხმევით, აფხაზეთის დაბრუნება შორეული მომავლისთვის არ გადაიდოს; თავად კი მშვიდობიანად, ღირსეულად დაბრუნებული აფხაზეთის პირველი კადრების ავტორობისათვის მზადყოფნა გამოხატეს.
















































































































































































































































































Print