აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით 5 ოქტომბერი აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, გენოციდის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაგეგმილი ჰქონდა მრავალრიცხოვანი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე - მთელ რიგ ქვეყნებში ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. ამ ღონისძიებებში ჩართული იქნებოდა ქართული დიასპორა. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ეს გეგმა ჩაშალა.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გენოციდის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მოხერხდა. უმაღლესი საბჭოს თხოვნით და საპატრიარქოს თანხმობით ყველა ეპარქიაში გაიმართა აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.