ზურაბ მებონიას განცხადება ა/წ 27 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილები დევნილთათვის“ მიერ გამართული „აქციის“ თაობაზე

აფხაზეთში საომარი მოქმედედბების დაწყებამდე 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში და ვემსახურებოდი სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეს.

 

არასდროს მომსვლია აზრად, რომ გავხდებოდი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შენაერთის მეთაური ან რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოდან, როდესაც ქ.სოხუმის შემოსასვლელთან, კელასურში პირველად გაისმა ტანკიდან გასროლილი ჭურვის ხმა, ჩემი ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეიცვალა.

 

ბავშვობიდან აფხაზეთში ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩემს ხალხთან ერთად ვიზრდებოდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ვიბრძოდი და ჩამოვყალიბდი იმ პიროვნებად, რომელიც ახლა ვარ, მე როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი „უზრდელები და გაუნათლებლები არიან“.

 

ქ. თბილისში გმირთა მოედანზე გავლისას მე ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, პატივს მივაგებ ჩემს ასეულობით თანამებრძოლს, რომელთა გვარებიც იქ გრანიტის კედელზეა ამოტვიფრული. მწამს, რომ ასევე იქცევა ათასობით და ათეული ათასობით ჩემი თანამებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს ყველა მოქალაქე, თუ ჩემი ქვეყნის სტუმარი. ეს ხომ ჩვენთვის წმინდა ადგილია, ამაზე უფრო წმინდა ადგილი ჩვენ,  აფხაზეთიდან დევნილებს არ გაგვაჩნია.

 

27 სექტემბერს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან, ჩემი აღშფოთება გამოიწვია ორმა „პიროვნებამ“, რომლებიც უშვერი სიტყვებით და ლანძღვა-გინებით, ყვირილით და უზრდელური შეძახილებით მიმართავდნენ იქ პატივმიგების მიზნით მოსულ საზოგადოებას: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებს, მათ თანმხლებ საჯარო მოხელეებს, ომის ვეტერანებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთა მშობლების, ძმების, შვილების, ნათესავების და მეგობრების სახელებიცაა ამოტვიფრული ამ წმინდა ადგილზე.

 

ეს ორი „პიროვნება“ გარდა უზრდელობისა, ასევე მატყუარები და უზნეოებიც ყოფილან, რადგანაც ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ.

 

ყოველთვის რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო და რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჩემი ერთი მოკრძალებული აგური დავდო იმ დიდი საქმის რეალიზაციისათვის, რასაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის თავიანთ ძირძველ მიწაზე, საკუთარ სახლებში დაბრუნება ჰქვია.

 

პატივისცემით,

ზურაბ მებონია  

განცხადება ა/წ 27 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილები დევნილთათვის“ მიერ გამართული „აქციის“ თაობაზე

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions