დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

დღეს მსოფლიო საზოგადოებრიობა პატივს მიაგებს 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, საბჭოთა ტყვეების,  ბოშების, ფერადკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდის შედეგად დაღუპულ -ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.

 

“ჰოლოკოსტი” ბერძნული სიტყვაა და “სრულად დაწვას” ნიშნავს. ამ სიტყვით აღინიშნება ნაცისტების მსხვერპლთა გენოციდი; ჰოლოკოსტი, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი განსაკუთრებული დანაშაული,   უმძიმესი ისტორიული შედეგებით გამოირჩევა. ნაცისტები ადამიანთა მასობრივი განადგურების მეთოდებს შეიმუშავებდნენ და ამ მეთოდების მუდმივ სრულყოფას ეწეოდნენ ე.წ. სიკვდილის ბანაკებში; მსგავსი სადისტური მეთოდებით მათ შეძლეს ევროპის ებრაული მოსახლეობის 60%-ის და მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედის მოსპობა; ოფიციალური მონაცემებით, გენოციდის შედეგად, ჰოლოკოსტის წესით განადგურებული ებრაელების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, საბჭოთა სამხედრო ტყვეების რაოდენობამ 3 მილიონი შეადგინა, ტოტალურად გაუსწორდნენ გერმანიის ფერადკანიან მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პოლონელი ერის 10 %-ს და ა.შ. მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ არსებობს და ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან გერმანელი ფაშისტები სიკვდილის ბანაკების ყველა კვალს ანადგურებდნენ.

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე განსაკუთრებულად მტკივნეულ აღქმას იწვევს აფხაზეთის საზოგადოებაში, სრულიად საქართველოს მოქალაქეებში. ეს განცდა, ეს ემოცია გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წერს ერთ-ერთ თავის ნაშრომში: „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992-1993 და შემდგომ წლებში მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს თავისი მასშტაბებით, სისასტიკით, ადამიანთა წამების, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მეთოდების მრავალფეროვნებით ანალოგი არ მოეპოვება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში. როგორც კონკრეტული მაგალითები მოწმობენ, თვით გერმანელი ფაშისტებიც კი უფრო “გულმოწყალენი“ იყვნენ, ვიდრე აფხაზეთის საზარელი ტრაგედიის ავტორები - რუსი ოკუპანტები და მათი მარიონეტები - სეპარატისტები თუ დაქირავებული მკვლელები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ცოტა რამ თუ იცის მათი ველურობისა და კაციჭამიობის შესახებ. ამ გამხეცებულ ავაზაკთა სინდისზეა სრულიად დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, პედაგოგების, ექიმების, კულტურისა და ხელოვნების მუშაკების, ხანდაზმული, ავადმყოფი თუ უნარშეზღუდული ადამიანების ეთნიკური ნიშნით მასობრივი განადგურება, მრავალი ქართული დასახლებული პუნქტის აღგვა პირისაგან მიწისა“.

 

აფხაზეთის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თავის დროზე დაგმეს თვით ოკუპანტი ქვეყნის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც, რომელთა მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ბ.ელცინისადმი 1993 წლის 30 ნოემბრის „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა; ისინი წერდნენ: „ორმოცი წლის წინ ფაშისტების მიერ განადგურებული დასახლებების - ორადურის(საფრანგეთი), ლიდიცეს(ჩეხეთი), ხატინის(ბელორუსი) ტრაგიკული სია ახლა აფხაზეთის სოფლებისა და რაიონების უმრავლესობის სახელწოდებებით შეიძლება შეივსოს. გვესმის რა გენოციდისაგან დაზარალებულთა მდგომარეობა, გონივრულად და გამართლებულად მიგვაჩნია გულისწყრომის ბუნებრივი გრძნობა კანონის ჩარჩოში მოექცეს და ამით თვითგასამართლებები და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აღიკვეთოს. ამიტომაც საჭიროდ ვთვლით, აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით მასობრივი განადგურების ფაქტების გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას და როგორც სამხედრო დამნაშავეების, ისე მათ დასჯას!“

 

ჯემალ გამახარია იმედოვნებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, დასაბამს დაუდებს და დააჩქარებს კანონზომიერების აღდგენის სამართლიან შედეგს.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions