დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

მის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, დიდგორის ბრძოლა - "ძლევაჲ საკვირველი“,  რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტის გააძლიერება, თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თვითნებობის აღკვეთა, გელათის მონასტრის აშენება, გელათის აკადემიის დაარსება, ერის განათლებაზე მუდმივი ზრუნვა უკავშირდება.

 

დავითის მეუფება აფხაზეთზეც ვრცელდებოდა. აი, რას წერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, სავარაუდოდ 1121 წლის ზამთარში, ბიჭვინთაში მეფის ჩასვლის შესახებ:

 

„და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“.

 

დავით აღმაშენებელი 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მის მიერ ნებსით და უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს მიტევება სთხოვა.

ყველა მართლმადიდებელს, სამართლიანობისათვის, სიკეთისა და მშვიდობისათვის მლოცველ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გილოცავთ წმინდა მეფის ხსენების დღეს; უახლოეს მომავალში მეფე დავით აღმაშენებლის ნაკვალევზე ბიჭვინთასთან გვეხსენებინოს   მისი  სათაყვანო სახელი, რათა განვაგოთ „საქმენი მანდაურნი!“

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions