აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონში ცვლილება დაამტკიცეს

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ განსახილველად შემოტანილიქნა კანონპროექტი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

მას შემდეგ, რაც დღეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა განაცხადა, რომ საკითხი ყველა კომიტეტსა და ფრაქციაში შეისწავლეს, კენჭი უყარეს საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე.

 

პლენარული სხდომა, ისევე როგორც პრეზიდიუმი, ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მას  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

განსახილველი საკითხის ირგვლივ მოხსენება კოლეგების წინაშე აკაკი გასვიანმა გააკეთა. როგორც აღინიშნა კანონპროექტის თანახმად ცვლილება ითვალისწინებს ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით   სიპის შექმნას სახელწოდებით „ქონებისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროში არსებული შესაბამისი დეპარტამენტი გაუქმდება.

 

პლენარულ სხდომაზე მოწვეულმა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ ყურადღება გაამახვილა კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილების მიზანშეწონილობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით ეფექტური მართვის უზრუნველყოფას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო განახორციელებს ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ფუნქციების დელეგირებას სააგენტოზე, რის შემდგომ მის კონტროლს ზემდგომი განახორციელებს.

 

დისკუსიაში მონაწილე დეპუტატების ნაწილი კრიტიკული პოზიციით, ნაწილი კი მხარდამჭერი პათოსით გამოირჩეოდა. თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ანზორ წოწონავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, აკაკი გასვიანმა, ელგუჯა გვაზავამ მართალია, საბოლოოდ მხარი დაუჭირეს მთავრობის ინიციატივას - სტრუქტურათა  დეცენტრალიზაციას, სიპების მიერ თვითდაფინანსებისათვის, შემოსავლის მოძიებისათვის კანონიერი გზების ძიებას, უფუნქციო შტატების შემცირების ხარჯზე პროექტებისა და პროგრამული ნაწილის დატვირთვას და გაზრდას, მაგრამ დუბლირების ფრთხილი შიშიც გამოთქვეს. ამასთან მოუწოდეს მთავრობის წევრებს, გაითვალისწინონ შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის სპეციფიკა და მნიშვნელობა; ოპტიმიზაციის პროცესში იყვნენ მაქსიმალურად სამართლიანნი და გამოიჩინონ პროფესიონალური მიდგომა.  რუდიკ ცატავამ, ცალსახად დაუჭირა მხარი კანონპროექტში წარმოდგენილ ცვლილებას,  ფუნქციათა სხვა უწყებებისათვის გადანაწილების ტენდენციას და მას დადებითი მოვლენა უწოდა.

 

საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ  ჯემალ გამახარიამ  კანონპროექტი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კენჭის ყრაზე დააყენა  და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, (წინააღმდეგი ერთი დეპუტატი) დაამტკიცეს.






 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions