აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კანონპროექტზე ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არა ერთ ძეგლს შეიძლება განადგურების საფრთხეც დაემუქროს.

 

ამ ვითარების გათვალისწინებით და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, დღის წესრიგში დადგა საკითხი საქართველოს კანონში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და უმაღლესი საბჭოს იურისტები, უკვე ერთი თვეა, კანონპროექტზე მუშაობენ.

დღეს უმაღლეს საბჭოში მორიგი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მას კვლავინდებურად უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. საინტერესო მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაიამ გაიზიარეს კანონპროექტთან დაკავშირებით ორივე მხარის იურისტების არგუმენტირებული ცვლილებები.

კანონპროექტზე მომუშავე იურისტთა ჯგუფმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელმა ნოდარ თოფურიძემ, თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალიამ  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა - ალექსანდრე ჩიხრაძემ და ეკა მაძღარაშვილმა კანონში არაერთი სამართლებრივი ცვლილებისა და გარკვეული ტერმინოლოგიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე დეტალურად იმსჯელეს. უახლოეს დღეებში იურისტები სისტემატურად გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას იმისათვის, რომ საბოლოო სახით შეჯერებული კანონპროექტი, შემდგომი პროცედურების გასავლელად,  უმაღლეს საბჭოში წარმოადგინონ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კი მომზადებულ კანონპროექტს საკანომდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ანთიძემ კმაყოფილება გამოთქვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მიმართ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოხატული აქტიური ინტერესისა და ინიციატივების გამო, რომელიც კანონში სამართლებრივად მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდება. „ერთად ვმუშაობთ იმ ცვლილებებზე, რაც ქვეყნისთვისაც მნიშვენელოვანი იქნება და შემდგომში - დეოკუპაციისთვისაც“.

ჯემალ გამახარია: “რამდენიმე თვეა ჩვენი იურისტები მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიზანი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება ისეთი დარღვევები, რომელიც კანონმდებელს, ნორმალურ ადამიანს არ შეეძლო წინასწარ გაეთვალისწინებინა. ამიტომ არის გარკვეული ხარვეზები. დღეს იქ არსებულმა რეალობამ განაპირობა კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა. ჩვენ ვარკვევდით - ეს ცვლილება შესულიყო სისხლის სამართლის კოდექსში თუ კანონში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში და ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობას, მათ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ ერთობლივად გვემუშავა. პირველი შეხვედრა ჩატარდა ერთი თვის წინ და დღეს უკვე ძირითად და მთავარ საკითხებზე შევთანხმდით. ძალიან საინტერესო იდეებიც წარმოიშვა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება კულტურის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით. მათ შორის გარკვეული საერთაშორისო ტრიბუნალების დასკვნები.  ამ ყველაფერს ანალიზი და გათვალისწინება სჭირდება, რომ შემდგომ კანონში აისახოს. შეიძლება ითქვას, რომ „პროექტის“ პროექტი უკვე მზად არის. ჩვენი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ აქ გამოთქმულ იდეებზე, საინტერესო წინადადებებზე. ალბათ, ორ კვირაში სრულყოფილ ვარიანტს წარმოადგენენ და შეგვეძლება იმ პროცედურების დაწყება, რომელიც საქართველოს პარლამენტში მისი წარდგენით დასრულდება“.





























































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions