„ვულოცავ ჟურნალისტებს პროფესიონალურ დღესასწაულს! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტებს, რომლებმაც უმძიმეს პირობებში, ხშირად სიცოცხლისათვის უაღრესად საშიშ ვითარებაში, თავიანთი, მგზნებარე პატრიოტიზმითა და მაღალი პროფესიონალიზმით ნაკარნახევი საქმიანობა სამშობლოს სამსახურს დაუქვემდებარეს. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს ყველა ჟურნალისტს,, რეპორტიორს, მედიის თითოეულ წარმომადგენელს კალმით, მიკროფონითა თუ კამერით ხელში, ვინც კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და მაღალპროფესიონალურად ახერხებს უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებას, ვულოცავ საინფორმაციო სააგენტოების შემოქმედებით კოლექტივებს, საერთაშორისო მასმედიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც აფხაზეთზე სამართლიანი ინფორმაციის გავრცელებაში გვერდში გვიდგანან!
უფალმა ნათელში ამყოფოს პროფესიონალური საქმიანობის განხორციელებისას ტრაგიკულად დაიღუპულთა სულები!
ძვირფასო ჟურნალისტებო,, მუდამ გქონოდეთ შემოქმედებითი მოღვაწეობის, ობიექტური ჭეშმარიტებისა და მოვალეობის ღირსეულად განხორციელების ძალა და ენერგია“, - მიმართავს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს თამაზ ხუბუა.
p.s. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის - ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით - 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.