აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ქ. კაიროში საერთაშორისო ფესტივალ „One World, Different Cultures” მიიღებს მონაწილეობას

2021 წლის 22 მაისს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. კაიროში, ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს „ალ-აჰრამის“ ეგიდით იმართება კულტურის ფესტივალი სახელწოფებით „One World, Different Cultures”.

 

ღონისძიების მნიშვნელობისა და რეზონანსული ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის წარმოჩენის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის ფესტივალში მონაწილეობა.

 

აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობისა და ფესტივალის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოფენო სექციის გაფორმების საკითხებს მიეძღვნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე თ. ხუბუასთან 29 მარტს გამართული თათბირი უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული საინფორმაციო და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები ფესტივალში დევნილი ხელისუფლების დელეგაციის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

 

თათბირში მონაწილეობდნენ და განსახილველი თემის გარშემო საქმიანი წინადადებები წამოაყენეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა ივანე დოლიძემ, დავით ფაცაციამ, მინისტრის მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ, პალატის ვიცე-პრეზიდენტმა დავით რაფავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია.

 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი თათბირი ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობის სამზადისთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართება აპრილის თვის ბოლოს.









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions