30 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმით ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას

 

30 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმით ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს წარმატებული რეფერენდუმის 30 წლის იუბილეს და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

 

ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის  საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ.

 

როგორც ჯემალ გამახარია აცხადებს, „ამ დღეს განსაკუთრებული პატივით უნდა მოვიგონოთ თავდადებული მამულიშვილი,  საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია არა  მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს მისი დაბადების დღეა, უპირველესად იმ ღვაწლისათვის, რაც მან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გასწია. სამწუხაროა, რომ მტერმა შეძლო ჩვენი დაყოფა და იძულება - გადაგვეხვია ზვიად გამსახურდიას მამულიშვილური გზიდან. ის ყოველთვის ზუსტად გრძნობდა ქვეყნის მაჯისცემას  და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა“.

 

ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 12 მარტს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“  გამოაქვეყნა „მიმართვა აფხაზი ხალხისადმი“, სადაც მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას ბოიკოტი გამოეცხადებინა სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი 17 მარტის რეფერენდუმისათვის და მხარი დაეჭირა 31 მარტის რეფერენდუმისათვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდებოდა. აფხაზებისადმი მიმართვაში ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა: „დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა ქართველთა და აფხაზთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში“. მიმართვაში ხაზგასმული იყო აფხაზებისა და ქართველების საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა, კულტურული და ისტორიული ურთიერთობები, რუსეთის იმპერიის ვერაგული მიზნები; ამასთან, აფხაზი ხალხის ეროვნულ-კულტურული უფლებების აღიარების, ბოლო დროს გამწვავებული ვითარების, არძინბას სეპარატისტული ტენდენციების შესახებ, რომელიც, როგორც ზვიად გამსახურდია წერს „საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

ზვიად გამსახურდიას მიმართვამ თავისი როლი შეასრულა და კრახით დასრულდა 17 მარტის უკანონოდ დანიშნული საბჭოური რეფერენდუმი აფხაზეთში; სამაგიეროდ, 31 მარტის საქართველოს რეფერენდუმმა დაადასტურა აფხაზეთის განუყოფლობა დედასაქართველოსაგან და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება აფხაზეთში.  მიუხედავად იმ ბოიკოტისა, რომელიც გამოუცხადეს 31 მარტის რეფერენდუმს ანტიქართულად განწყობილმა ბლოკმა „სოიუზმა“, აფსუურმა „აიდგილარამ“, რუსულმა „სლავიანსკი დომ“ და სომხურმა „კრუნკმა“, რეფერენდუმის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 61,27%, საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა 97,73%, ანუ საერთო ამომრჩეველთა თითქმის 60%-მა, რომელთა შორის იყვნენ აფხაზები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

P.S. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის 30 წლის იუბილეს  და იმ პერიოდში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობების მიმოხილვას და ანალიზს მიეძღვნება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია(ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება).





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions