აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და სოხუმის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს


2 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა მისასალმებელ სიტყვაში სოხუმის უნივერსიტეტისა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მანამდეც არსებობდა, მაგრამ მემორანდუმი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აჩენს სამომავლოდ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მემორანდუმში ჩადებულია ძალიან საინტერესო ვალდებულებები, რომელსაც უნივერსიტეტთან ერთად უმაღლესი საბჭო პირნათლად შეასრულებს. „ჩვენ მზად ვართ უფრო ორგანიზებული და სისტემური ხასიათი მივცეთ აქამდე არსებულ თანამშრომლობას. უნივერსიტეტისგან ჩვენ ველოდებით ინტელექტუალურ მხარდაჭერას და გააქტიურებას იმ დიდი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რისთვისაც ვცხოვრობთ და ვიღწვით. მემორანდუმმა ახალ ხარისხში უნდა აიყვანოს ურთიერთმხარდაჭერა უმთავრესი მიზნის მისაღწევად, ეს არის ჩვენი ერთობლივი ამოცანა“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა სტაჟირებაზე სტუდენტების მიღებისა და  მათი შესაძლო დასაქმების შესახებ.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 




















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions