დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და 300 ლაზი მოწამის ხსენების დღეა

 

2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.

 

 

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული,  პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მოციქულთაგან პირველია, რომელსაც უფალმა იესო ქრისტემ სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა, ამიტომ იხსენიება იგი პირველწოდებულად.

გადმოცემის მიხედვით საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. გიორგი მთაწმინდელი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს ასახელებს.

ანდრია პირველწოდებულის ხსოვნას ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ქართველი მართლმადიდებლები პატივს  გარდაცვალების დღეს - 13 დეკემბერსაც მიაგებენ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გადაწყვეტილებით 12 მაისი არის აგრეთვე  300 ლაზი მოწამის ხსენების დღე.

 

ამ დღეს ქართველი მართლმადიდებლები ქრისტიანული სარწმუნოებისა და საქართველოს ერთგულებისათვის აღსრულებულ სამას ლაზ მეომარს იხსენებენ, რომელთაც მე-17 საუკუნეში მტერი ქრისტიანობის უარყოფას, სანაცვლოდ კი მიწიერ პატივს ჰპირდებოდა. ბრძოლებში სიმამაცით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს  თავები მოჰკვეთეს და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდიკვათა („თავისკვეთა“) უწოდეს. დუდიკვათა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც(თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე).

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს თანამემამულეებს გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულებს, უსურვებს ანდრია პირველწოდებულისა და სამასი ლაზი მოწამის სათაყვანო სარწმუნოებრივმა  ისტორიამ და მამაცობამ, წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მადლმა განამტკიცოს მათი სულისკვეთება საქვეყნო ინტერესების ურყევად მსახურებისათვის.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions