აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღეს გამართულ პრეზიდიუმზე ვრცლად განიხილეს „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების 45 პუნქტიანი პროგრამიდან“ რამდენიმესთან დაკავშირებით სადღეისოდ არსებული ვითარება. კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ კოლეგებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა „პროგრამის“ მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზების - აფხაზეთის მთლიანი ენერგორესურსების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემას გულისხმობს. როგორც აღინიშნა, აფხაზური საზოგადოება, აფხაზეთის „პარლამენტი“ ეწინააღმდეგება მსგავსი შეთანხმების რეალიზაციას და, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას და ანქვაბის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნული პუნქტის განხორციელების საბოლოო ვადად 2021 წლის ივნისია მითითებული, ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯიც არ გადადგმულა და მისი შესრულება, საბედნიეროდ, ვერ ხერხდება.

 

პრეზიდიუმის სხდომაზე მსჯელობა ზემოაღნიშნული „პროგრამის“ 44-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზე გაგრძელდა. ეს პუნქტი აფხაზეთის საბაჟო და საგადასახადო სამსახურების რუსეთის ფედერაციის ეგიდის ქვეშ გაერთიანებას ითვალისწინებს. საკითხზე ვრცლად უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ ისაუბრა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე პრეზიდიუმის დანარჩენმა წევრებმა განმარტეს, „პროგრამის“ ამ პუნქტით გათვალისწინებული გეგმა, კარგახანია შესრულებულია; პრინციპში, აფხაზეთის ე. წ. საბაჟო სახელმწიფო კომიტეტი ყოველგვარ დამოუკიდებლობას მოკლებულია და 2019 წლიდან ფაქტობრივად რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის გამგებლობაშია.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპანტის მიერ აფხაზეთის ანექსიის მიზნით დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის თავსმოხვეული 45 პუნქტიანი პროგრამით გათვალისწინებული „კანონმდებლობის ჰარმონიზაციისადმი“ კოლეგების მიერ გამოხატული ინტერესისათვის კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ ე. წ. პროგრამიდან მომდინარე საფრთხემ, ამ საფრთხის ნეტრალიზაციისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა ასახვა უნდა ჰპოვონ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიაში“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ მომზადდება. ამიტომაც არის აუცილებელი აღნიშნული აფხაზეთის ანექსიის პროგრამის კომპეტენტური ანალიზი და საქმიანი წინადადებების წარმოდგენა. პრეზიდიუმმა ცნობად მიიღო ბატონების რუდიკ ცატავასა და მურმან კვარაცხელიას ინფორმაციები და დაავალა მათ თვალყური ადევნონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ე. წ. ჰარმონიზაციის პროცესს.

 

პრეზიდიუმის მესამე საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შედეგების შესახებ, უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ითვალისწინებდა, რასაც დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს და ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმის სხდომა პლენარულ სხდომაში გადაიზარდა.

 

პლენარული სხდომაც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა და ისევე როგორც პრეზიდიუმს, მასაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პლენარული სხდომის ზემოაღნიშნულ მთავარ საკითხზე კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე გაკეთებული დასკვნები და საკუთარი ანალიზი კოლეგებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ წარუდგინა.

 

ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით გაიმართა მწვავე დისკუსია, გამოითქვა მრავალრიცხოვანი კრიტიკული შენიშვნა. განსაკუთრებული აქტიურობით, არსებითი შენიშვნებით და დასაბუთებული არგუმენტებით გამოირჩეოდნენ დეპუტატები - ზურაბ ჯგუბურია, ვახტანგ ყოლბაია, თამაზ ხუბუა, დავით გვაძაბია, რაისა ქარაია, თემურ ლორთქიფანიძე, ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რაულ წულაიამ, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, უშუალოდ სამინისტროს მიდგომები გაახმოვანა და გამოთქმულ შენიშვნებსაც შეეხო.

 

სხდომის მუშაობა შეაჯამა ბატონმა ჯემალ გამახარიამ. მისი წინადადებით, დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მიიღეს დასკვნა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვისას გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. დასკვნა ამა წლის ივნისის ბოლომდე აფხაზეთის მთავრობას გადაეგზავნება.












Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions