„ოკუპირებულ აფხაზეთში ოღონდ ტურისტები ჩავიდნენ და ყველას კოვიდტესტების გარეშე იღებენ, ამან დაინფიცირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია“ – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების შესვლაზე არანაირი კონტროლი არ არსებობს, მათ კოვიდტესტებსაც არ სთხოვენ, რის გამოც აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
„რუსეთმა აფხაზებს დაფინანსება, ფაქტობრივად, შეუწყვიტა. აფხაზებს დღემდე არაფერი მიუღიათ, ამიტომ, მათი ერთადერთი ხსნა ტურიზმია. ტურისტებზე არავითარი კონტროლი არაა დაწესებული, რომ მათ ან ტესტი ჩაიტარონ და ისე ჩავიდნენ, ან იქ, ადგილზე ჩაიტარონ ტესტი. ოღონდ ჩავიდნენ და ყველას იღებენ. ამან დაინფიცირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მაისში, ივნისის პირველ ნახევარში ვითარება ცოტა დასტაბილურებული იყო, მაგრამ როდესაც ტურისტების მოზღავავება დაიწყო, მაჩვენებელმაც აიწია. ტესტირებულთა რაოდენობა ძალიან ცოტაა, დაახლოებით, 400-მდეა. აქედან 25-30 პროცენტი დაინფიცირებულია. აფხაზებმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს, რადგან მათ არც ექიმები ჰყოფნით და არც – სხვა დამხმარე მედპერსონალი. შემოიღეს დამატებით აკრძალვები. დღეიდან დახურულ სივრცეებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა.
ინდური შტამიც უკვე დაფიქსირდა. ამან კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შესძინა ამ პრობლემას“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.