საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს


დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

 

აღნიშნული კანონპროექტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ 25 მაისს განიხილა, რომელიც ითვალისწინებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში ცვლილების შეტანას. კერძოდ, აღნიშნულ მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მეორე პრიმა პუნქტი, რომელიც გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, საჯარო და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას, შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

ჯემალ გამახარიამ დეტალურად გააანალიზა და დაასაბუთა კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილების აუცილებლობა, რაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას და გალის რაიონში განათლების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებას დაუკავშირა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ეს ცვლილება, უპირველესად, გახდება საპირწონე საოკუპაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკისა, რომელიც ქართველი ბავშვების ასიმილაციას, მათი ცნობიერების დეფორმაციას, ახალგაზრდების არა მარტო არაქართველებად, არამედ ანტიქართველებად აღზრდას ისახავს მიზნად. ჯემალ გამახარიას განცხადებით, ახალგაზრდები ამ ცვლილების რეალიზების შემდგომ „ნაწილობრივ მაინც აინაზღაურებენ და მიიღებენ იმას, რაც დააკლო თუ წაართვა მათ საოკუპაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკამ“.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობას შემუშავებული აქვს პროფესიული განათლების კონცეფცია, რომელიც აგრეთვე, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას ითვალისწინებს. ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურსგამოღმა სასწავლებელში პროფესიას დაუფლებული ახალგაზრდები უკან დაბრუნდებიან და  ცხოვრებას, შრომას აფხაზეთში გააგრძელებენ.

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გაუზიარა პარლამენტის წევრებს პირველმა ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ. მან მხარი დაუჭირა ცვლილებას და ამ მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პირველი მოსმენით საკითხი განხილულად გამოაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს - 26.07.2021
https://youtu.be/vSjMFZEH0J0





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions