გამოიცა წიგნი „აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და ...“
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი აფხაზოლოგის, პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძისა და ფილოლოგიის დოქტორის სოფიკო ჭაავას ავტორობით გამოცემული  წიგნის დისტანციურ პრეზენტაციაში.  წიგნის წარდგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი მკვლევრები, ლინგვისტები.

 

ვრცელი გამოკვლევა სახელწოდებით „აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და... (ეკოლინგვისტური და სოციოლინგვისტური ანალიზი)“   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის საფუძველზე გამოიცა. წიგნს ერთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და 100-ზე მეტგვერდიანი ინგლისურენოვანი რეზიუმე. ნაშრომის ტექსტი ჩაწერილია კომპაქტურ დისკზეც. წიგნის ელექტრონული ვერსია, ფოტო-, აუდიო და ვიდეომასალა განთავსდება სპეციალურ საიტზე https://erc.ge/ka და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. როგორც თეიმურაზ გვანცელაძემ აღნიშნა, წიგნის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები გაიგზავნება აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში. სამეცნიერო გამოკვლევა დოკუმენტურ მასალაზე და თვით აფხაზური ენის მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს შემდეგ საკითხებს: რა მოუტანა აფხაზურ ენას 1864 წლიდან ფხაზეთში განხორციელებულმა პოლიტიკამ: აფხაზთა სამმა მასობრივმა დეპორტაციამ და უცხოელი კოლონისტების ჩამოსახლებამ, ბზიფისა და აბჟუის რეზერვაციების შექმნამ, მხარის ეთნიკური სურათის რადიკალურად ცვლამ? რა როლი შეასრულა ე.წ. აფხაზურმა სკოლამ აფხაზთა დენაციონალიზებასა და აფხაზური ენის მარგინალიზაციაში? როგორ აისახა ენაში ცარიზმის, საბჭოური და ელცინ-პუტინის რუსეთის პოლიტიკის შედეგები? რა ფარულ და ცხად მიზნებს ისახავდა აფხაზური სამწიგნობრო ენის შექმნა 1862 წელს და ამ ენისთვის გრაფიკული საფუძვლების 9-ჯერ შეცვლა? მართალია თუ არა ბრალდება, თითქოს 1938-1953 წლებში მიმდინარეობდა აფხაზთა ძალდატანებითი გაქართველება, რაც ვითომდა გამოიხატა ქართული სადამწერლობო სისტემის შემოღებაში, ტოპონიმთა მასობრივ  გაქართულებაში? რატომ არ გადაჰყავთ დღევანდელ „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში სასკოლო განათლება მთლიანად აფხაზურ ენაზე? აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური ენის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სწორედ ამის მიმანიშნებელია წიგნის სახელწოდებაში ამ ენის მომავლის ადგილას მრავალწერტილი და მის ყდაზე წითელი ფერი.

 

სოფიკო ჭაავამ ძირითადად ყურადღება აუდიო და ვიდეოჩანაწერების პრეზენტირებას დაუთმო. ჩანაწერებში საუბრები აფხაზურ ენაზე გაკეთებულია როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ენგურსგამოღმა - ბათუმში, თბილისში და ა.შ. სოფიკო ჭაავამ მადლობა გადაუხადა ფილოლოგიის დოქტორს ლელა მირცხულავას და ფილოლოგიის მაგისტრს მონიკა ხობელიას, რომელთაც წიგნზე მუშაობისას აქტიური თანამშრომლობა გასწიეს.

 

 

ბატონმა ჯემალ გამახარიამ  მაღალი შეფასება მისცა გამოცემულ კრებულს და თეიმურაზ გვანცელაძეს როგორც აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლების მკვლევარს.  მიულოცა ავტორებს მეტად აქტუალურ თემაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოკვლევის საჭირო დროს გამოცემა და გაუზიარა მოსაზრება რეზიუმეს რუსულ ენაზე გამოცემის აუცილებლობის შესახებ, რათა აფხაზები გაეცნონ მას, კიდევ ერთხელ ჩაიხედონ საკუთარ თავში და დოკუმენტური წყაროების გათვალისწინებით სიმართლეს თვალი გაუსწორონ, რამაც აფხაზთა თვითმყოფადობის, იდენტობისა და ენის გადარჩენისათვის მათ გზა  საქართველოსკენ უნდა გაუკვალოს.

Print