ძვირფასო თანამემამულენო!
დასრულდა 2021 წელი, რომელიც ჩვენ დაგვამახსოვრდება როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით, წარმატებებით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ისე კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული სირთულეებით. ათასობით ჩვენი თანამემამულე და თანამოქალაქე შეეწირა კოვიდ-19 პანდემიას. იმედს ვიტოვებ, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ყოვლისმომცველად წარიმართება. ამაშია გადარჩენის ერთადერთი გზა.
ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო ახალ 2022 წელს სიახლეების, ეკონომიკური განვითარების და გამთლიანების იმედით ხვდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით დამდეგი შობა-ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ყველა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში ახლაც ზრუნავენ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადარჩენაზე!
მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. გამძლეობას, დღეგრძელობას და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.
შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! უკვე წლებია ვსაუბრობთ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს ასეც მოხდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ!
უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!
პატივისცემით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია