აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება ვ. ვოლოდინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინისა და მისი თანმხლები პირების დღეს, პირველ დეკემბერს, ჩამოსვლა იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევის მორიგ გამოვლინებას. მაღალი რანგის ოფიციალური პირების ყოველი ასეთი ვიზიტით კრემლი ახდენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობის თავხედურ დემონსტრირებას. მსგავსი ქმედებებით ის შეურაცხყოფს აფხაზეთის რუსული ოკუპაციის შედეგად მიზანმიმართულად წამებული და დახოცილი ათასობით მშვიდობიანი ადამიანის, მასობრივი ეთნიკური წმენდის, გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.

 

ვ. ვოლოდინის ვიზიტს სოხუმში აქვს კონკრეტული მიზანი. დიდი ალბათობით, ის შეეცდება აფხაზეთის მიმართ ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ანექსიონისტური პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურებას, რუსეთსა და აფხაზეთს შორის  უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაფორმებული რამდენიმე „შეთანხმების“, განსაკუთრებით ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი და აფხაზური საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელი დოკუმენტის დე-ფაქტო პარლამენტში „რატიფიკაციის“ დაჩქარებას. აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის ახალ ხარისხში აყვანას უნდა ნიშნავდეს „პარლამენტებს“ შორის თანამშრომლობის თაობაზე „შეთანხმების“ ხელმოწერა, მოსკოველი  „დერჟიმორდას“ მიერ სოხუმში გაკეთებული განცხადებები მხარეებს შორის ურთიერთობების „სისტემურ საფუძველზე“ დამყარების, „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების, კანონმდებლობის „ჰარმონიზაციის“ აუცილებლობის, „საერთო უსაფრთხოების“  შესახებ და ა. შ.

 

მკაცრად ვგმობთ რა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვ. ვოლოდინის უკანონო ვიზიტს აფხაზეთში, დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზური საზოგადოება სწორად შეაფასებს მსგავსი ვიზიტებიდან მომდინარე საფრთხეს და შესაბამის დასკვნასაც გააკეთებს. საერთაშორისო თანამეგობრობიდან გარიყული რუსეთი, მისი მმართველი ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც სრულად წარმოაჩინა თავისი ველური სახე უკრაინაში, აფხაზ ხალხს მხოლოდ მონობას, უუფლებობას, ცივილიზებული სამყაროსაგან იზოლაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, საბოლოო ჯამში კი გადაშენებას და ეროვნულ კატასტროფას მოუტანს. გამოსავალი ამჯერადაც ქართველთა და აფხაზთა ერთობაშია.

 

Print