პოზიცია

 

2014 წლის 13 მაისს გაზეთში „ახალი თაობა“ გამოქვეყნდა უმაღლესი საბჭოს წევრის თამაზ ხუბუას ინტერვიუ, რომელშიც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმების იდეაა გაჟღერებული.

 

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია საზოგადოებას გააცნოს უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის თათბირზე დაფიქსირებული პოზიცია. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ბ-ნ თ. ხუბუას მიერ გაჟღერებული იდეა არახალია. ჯერ კიდევ 1992 წლის 6 იანვრიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მაშინდელმა კანონიერმა ხელისუფლებამ იძულებით ქვეყანა დატოვა, ხოლო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება დაუმტკიცდა, ე.წ. სამხედრო საბჭოს მომხრეთა მცირე ჯგუფის მხრიდან გაისმოდა მოწოდებები დეპუტაციის ქართული ნაწილის, შემდგომში კი მთლიანად უმაღლესი საბჭოს გადარჩევის შესახებ. აფხაზეთში ყოფნის პერიოდში მსგავს მოწოდებებს გარკვეული პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი თუ გააჩნდა, განსაკუთრებით სეპარატისტული მოძრაობის მძლავრობის პერიოდში, სრულ გაუგებრობაზეა დამყარებული ცალკეული პიროვნებების ამჟამინდელი მცდელობა დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამჯერად საქმე გვაქვს სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ნიჰილიზმთან, პრობლემის არსში გაურკვევლობასთან, არასახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, საუკეთესო შემთხვევაში - მიამიტობასთან.

 

სამწუხაროდ, მიამიტობას ვერანაირად ვერ დასწამებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ბ-ნ თამაზ ხუბუას, რომელიც ამასწინათ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა. ე.წ. ინტერვიუში ბ-ნმა თამაზმა საკუთარი მეუღლის ქ-ნ დ. ხორავას ხელმძღვანელობით აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ჯგუფის ყოვლად უსუსური იდეები გააჟღერა, „გაამდიდრა“ რა იგი თავისი დემაგოგიური განცხადებებითა და ცარიელი სიტყვების რახარუხით. ვერანაირ სამართლებრივ არგუმენტებს მასში ვერ იპოვის მკითხველი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რესპონდენტის „აღმოჩენას“ იმის შესახებ, რომ „ხელისუფლების წყარო ხალხია“. სამწუხაროდ, ბ-ნ თამაზს „ავიწყდება“, რომ აფხაზეთის ხალხი, აფხაზეთის საზოგადოება ორ ნაწილად - დევნილებად და არადევნილებად არის დაყოფილი. ამ ვითარებაში, აღნიშნული საზოგადოების ვერცერთი ცალკე აღებული ნაწილი აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ვერ აირჩევს. ამიტომ არის სოხუმში მოქმედი ხელისუფლება უკანონო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასეთად საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს. მიუხედავად უკანონობისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ხელისუფლებას დე-ფაქტო რეჟიმის სტატუსი მაინც გააჩნია. რა სტატუსი ექნება ბ-ნ თ. ხუბუას მიერ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში „არჩეულ“ აფხაზეთის ხელისუფლებას? სამწუხაროდ, იგი ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და დევნილთა წარმომადგენლობით ორგანოს.

 

„არჩევნების“ სასარგებლო კიდევ ერთ „არგუმენტად“ რესპონდენტს მოაქვს ვ. ლენინის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ზედა ფენას არ შეუძლია, ხოლო ქვედა ფენას არ უნდა“. გაუგებარია, რომელ „ფენას“ მიაკუთვნებს საკუთარ თავს ბ-ნი თამაზი, მაგრამ ცხადზე-უცხადესია, უმაღლეს საბჭოში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგაც პატივცემულ დეპუტატს ვერ გაუცნობიერებია ამ ორგანოს როლი და დანიშნულება. მან არ იცის, რომ, სამწუხაროდ, „ზედა ფენას“ არც სამართლებრივად, არც ფაქტობრივად არანაირი ბერკეტები „ქვედა ფენის“ ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ გააჩნია, რომ ამისთვის სახელმწიფომ შექმნა სულ სხვა სტრუქტურები უშუალოდ ცენტრალური მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ სრულიად უადგილოა ვ. ლენინის ავანტიურისტული კლასთა ბრძოლის იდეის აფხაზეთის დევნილ უმაღლეს საბჭოსთან მისადაგების მცდელობა, რომელსაც იმავდროულად პროვოკაციის სუნი ასდის.

 

დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების მომავალზე მსჯელობისას თავს იჩენს საკითხისადმი ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომა. ერთ ნაწილს მიაჩნია და სწორადაც მიაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე აფხაზეთისთვის მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლა ეს არის უპირატესად ინტელექტუალური (სამართლებრივი, დიპლომატიური, იდეოლოგიური, მეცნიერული და ა.შ.) ძალისხმევა ყველა დონეზე, მათ შორის საერთაშორისო არენაზე; სათანადო ზომების განხორციელება იძულებით გადადგილებულ პირთა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის მიმართ მათი უფლებების დაცვის, აგრეთვე აფხაზ თანამემამულეებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით.

 

მეორე ნაწილი, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თვლის, რომ აფხაზეთი უკვე დაკარგულია, მისი დაბრუნებისთვის ბრძოლას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე აზრი არა აქვს, ამიტომ მთავარია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური პრობლემების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების რაც შეიძლება მალე ხელში ჩაგდება, დევნილთა სახელით შექმნილი ახალი ორგანოს მეშვეობით მისი განკარგვის უფლების მოპოვება.

 

მხარს უჭერენ რა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უფლება-მოვალეობების გაფართოებას და გარკვეულ ეტაპზე მისთვის დევნილთა მოვლა-პატრონობის საკითხის მთლიანად გადაბარებას, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დღესაც და მომავალშიც ეს ხელისუფლება უნდა იყოს არა მხოლოდ დევნილების, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, მისი მთელი მრავალეროვანი მოსახლეობის კანონიერი წარმომადგენელი. ამჟამად ასეთ ორგანოს მარტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს, რომლის გადარჩევა მხოლოდ აფხაზეთშია შესაძლებელი, თანაც მოსახლეობის მთელი შემადგენლობის მონაწილეობის პირობებში. ცალკე იძულებით გადაადგილებული პირების მიერ „აფხაზეთის უმაღლესი საბჭო“ ვერ აირჩევა. მსგავსი „არჩევნების“ მსურველები, რომელთა ერთადერთი მიზანია მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების განკარგვის უფლების მოპოვება, ნებსით თუ უნებლიედ, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას სოხუმში მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების ამარა ტოვებენ, რაც ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

ისმის ლოგიკური კითხვა: რამ განაპირობა დევნილობაში ყოველგვარი არჩევნების წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლის ბ-ნ თამაზ ხუბუას მეტამორფოზა? უმაღლეს საბჭოს წევრებს კარგად ახსოვთ მისი რიხიანი განცხადებები მსგავსი მოთხოვნების  ავტორთა წინააღმდეგ, რომლებსაც იგი სულ ბოლო დრომდე მოღალატის, რუსეთის აგენტის ეპითეტებით ამკობდა. რა შეიცვალა ამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში? ბ-ნ თ. ხუბუას დაპირისპირება უმაღლეს საბჭოსთან გასული წლის 8 აპრილს დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თითქმის ერთხმად შერჩეულ კანდიდატურას ყველასთვის მოულოდნელად, როგორც თავად ბრძანა და ოქმშიცაა დაფიქსირებული, „ოჯახის წევრი“, ანუ მეუღლე დაუპირისპირა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ა.წ. 7 აპრილს, როცა ბატონმა თ. ხუბუამ გადაწყვიტა კენჭი ეყარა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, წარმოადგინა სამოქმედო პროგრამა, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს არა გადარჩევას, არამედ სიტყვიერად მაინც მის განმტკიცებას ითვალისწინებდა, ხოლო დღეს ათვალისწინებული კოლეგების დიდ უმრავლესობას ხოტბა-დიდებას ასხამდა. მისი კანდიდატურა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩავარდა. ა.წ. 28 აპრილს ვერ გავიდა იგი ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზეც. აი, ამის შემდეგ ბატონ თ. ხუბუას „გაუნათდა“ გონება და ოჯახურ წრეში ახალი „არჩევნების“ გეგმა გამოაცხო.

 

უმაღლესი საბჭოს წევრები ემიჯნებიან აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დაშლის გაუაზრებელ მოთხოვნას, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის ვიწრო ოჯახური ინტერესებისათვის დაქვემდებარების მცდელობას. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დევნილთა (და არა აფხაზეთის) წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანოს შექმნის თაობაზე ცენტრალური ხელისუფლებისთვის სათანადო წინადადებებისა და კანონპროექტების წარდგენის მიზნით, რის შესახებაც საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions