სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს


15 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი თბილისის ზღვაზე მდებარე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და დევნილ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

,,პრივატბანკის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იური კანდაუროვმა და ბანკის წარმომადგენლებმა სკოლას საჩუქრად  გადასცეს სასკოლო ინვენტარი (მაგიდები, სკამები, ტუმბოები, სავარძლები, პროექტორი), კომპიუტერები. ”პრივატბანკის” მესვეურები სკოლის პირადი პატრონაჟის ქვეშ აყვანის ინიციატივით გამოვიდნენ.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და პირველკასელებს წარმატებული წელი უსურვეს. პედაგოგებსა და მოსწავლეებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა  გვაზავამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა სიტყვით მიმართეს.

”მინდა, ყველას მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება და გისურვოთ წარმატებები! თქვენ სწავლის განსაკუთრებული მოტივაცია გაქვთ - ცოდნით შეიარაღებულებმა აფხაზეთში დაბრუნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უნდა მოახმაროთ მთელი თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები და ძალისხმევა. მე მიხარია, რომ მიუხედავად 21 წლის დევნილობისა, მშობლიური კუთხის მონატრების და სიყვარულის პათოსი არ განელებულა აფხაზეთელ მოსახლეობაში და პედაგოგებიც თავიანთი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში კეთილსინდისიერად ზრუნავენ ღირსეული თაობის აღზრდაზე”, - აღნიშნა ბატონმა ე.გვაზავამ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions