დეპუტატ თამაზ ხუბუას ბრიფინგი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ  19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 27 სექტემბერს ჭადრაკის სასახლეში დაგეგმილ ”აფხაზთა შეკრებაზე”, რომლის ორგანიზატორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ”დაბრუნება”, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიები.

 

როგორც თ.ხუბუამ განაცხადა, ”ეს იქნება აფხაზეთზე და სრულიად საქართველოზე უანგაროდ შეყვარებულ ქართველთა შეკრება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ცნობილმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა, ცენტრალური სახელისუფლებო შტოების, განსაკუთრებით კი დევნილი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რადგანაც აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით წამოწეული იქნება დევნილი სახელისუფლებო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის და მათში ცვლილებების (რეორგანიზაციის) ჩატარების საკითხიც.

”ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარება. ახლაც ვიმეორებ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნულია კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც მოხდა უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით”, - აღნიშნა ბრიფინგზე თ.ხუბუამ.

ბატონი თამაზ ხუბუა მხარს უჭერს საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნების ჩატარებას, ანუ, მისი განმარტებით, ყველა იმ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი ლეგიტიმურობის პირობებში დევნილი საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის არჩევას. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი მოითხოვს დამატებით კონსულტაციებს როგორც საქართველოს პარლამენტთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

რაც შეეხება ”აფხაზთა შეკრებას”, თამაზ ხუბუას განმარტებით, ტოპონიმური თვალსაზრისით, ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, თავის დროზე ჩვენმა პოლიტიკოსებმა და მეცნიერებმა დაუშვეს შეცდომა. არსებობს ეთნიკურად აფხაზი და არააფხაზი, ანუ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ქართველი გახლავთ აფხაზი, ისე როგორც ნებისმიერი კახელი, იმერელი და ქართლელი არის ქართველი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობა არ იზიარებს  ბატონ თამაზ ხუბუას მოსაზრებებს, მის პოზიციას და შეფასებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაკავშირებით  და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დევნილი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარება  ენგურსგამოღმა ტერიტორიაზე იქნება უკანონო და სახელწიფო ინტერესებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions