აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განცხადება (”აფხაზთა კრების” რეზოლუციის თაობაზე)


მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაბრუნების” ინიციატივით გამართულ ”აფხაზთა კრებაზე” მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები და მისი სრული შემადგენლობის გადარჩევა დააყენეს.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის თანმხლები რთული სიტუაციებისა და რეალურად ქვეყნის გასახლეჩად ინსპირირებული მოვლენების გამო, აფხაზეთში არჩეულ დევნილ, ლეგიტიმურ უმაღლეს საბჭოს წლების მანძილზე დაეკისრა არაორდინარულ ვითარებაში ფუნქციონირება. ეს, რასაკვირველია, სერიოზული სირთულეებისა და გარკვეული ხარვეზების დაძლევასთან არის დაკავშირებული. სხვა საქმეა, როცა ყოველთვის ერთნაირად ეფექტურად ვერ ხერხდება აღნიშნულის მოგვარება, მაგრამ ფაქტია, რომ სეპარატისტული რეჟიმის მესვეურებისათვის და კრემლიდან მათი მმართველებისათვის დაუძლეველ, გადაულახავ ბარიერად რჩება აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიერად არჩეული ავტონომიური რესპუბლიკის დღემდე მოქმედი უმაღლესი საბჭო.

საქმე ის არის, რომ დე-იურე სწორედ აფხაზეთის დევნილი, ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმის უკანონობის სამართლებრივი მტკიცებულება. ამიტომაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მოფიქრალთათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნების საკითხი არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად.

სამწუხაროდ, აფხაზეთის საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ, ჯერ კიდევ აფხაზეთში, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წინასაარჩევნო პერიოდში, ნებსით თუ უნებლიეთ, დაშვებული იყო შეცდომა, როცა სეპარატისტებთან კონსენსუსით მიღებული საარჩევნო კანონით უკმაყოფილების გამო, აფხაზეთის ქართველობას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე აპელირებით, არჩევნების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდეს. მსგავსმა აქტიურმა აგიტაცია-პროპაგანდამ არაერთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანდიდატს დააკარგვინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის შანსი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფხაზეთის პარლამენტში სეპარატისტული ფლანგის გაძლიერებას და საყოველთაოდ ცნობილი სავალალო შედეგების დადგომას. სხვათა შორის, ”აფხაზთა კრების” რეზოლუციაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი საარჩევნო კანონი მოხსენიებულია, როგორც აპარტეიდული, რომელიც, მართალია, ერთგვარად ლახავდა ქართველთა უფლებებს, მაგრამ მასში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ მიღწეული იყო მთავარი: დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ არჩევნებში ნებაყოფლობით მონაწილეობით აფხაზეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფოებრივი სუბიექტი, მთელი თავისი ეროვნული შემადგენლობით ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აღიარებდა, რის შემდეგაც ქვეყანაში სიტუაცია რომ არ არეულიყო, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ძალადობრივად რომ არ დაემხოთ და ამით არძინბასთვის შესაძლებლობა არ მიეცათ დაერღვია საარჩევნო კანონში დაფიქსირებული პუნქტები, სულაც არ არის გამორიცხული დღეს ის ვითარება არ გვქონოდა აფხაზეთთან მიმართებაში, რაც გვაქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოწოდებამ ავნო საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ინტერესებს, ამჯერადაც მხოლოდ ზიანის მომტანია აფხაზეთის პრობლემატიკის გადასაწყვეტად მოძრაობა ”დაბრუნების” მიერ ინიცირებული მოთხოვნის რეალიზება - დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობა ეყრდნობა მრავალრიცხოვან სამართლებრივ აქტებს და ეს ”აფხაზთა კრების” რეზოლუციაშიც არის აღიარებული, მაგრამ რატომღაც თვლიან, რომ ლეგიტიმური იქნება ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოც. არადა, ძნელად დასაჯერებელია ამ რეზოლუციის ავტორებს არ გააჩნდეთ სათანადო სამართლებრივი ცოდნა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ არჩეული უმაღლესი საბჭო ავტომატურად დაკარგავს ლეგიტიმურობას და საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ არჩევნებზე საუბარი იურიდიულად გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება შესაძლებელი გახდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ყველა სხვა შემთხვევაში აფხაზეთის გარეთ ჩატარებული არჩევნები იქნება როგორც ტერიტორიული, ასევე სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის უხეში დარღვევა არჩევნებთან დაკავშირებით. ასეთი ქმედების შემდეგ დე-ფაქტო აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის მესვეურთა სცენარით ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ავტომატურად შეიძენს კანონიერ საფუძველს და გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. აღნიშნულის დაუშვებლობის თაობაზე არაერთხელ გაუკეთებიათ სათანადო დასკვნები როგორც ქვეყნის შიგნით მოღვაწე ცნობილ კონსტიტუციონალისტებს, ასევე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სწორედ ეს გახლავთ ”სამართლებრივი, პოლიტიკური, მორალური საფუძველი” იმისა, რატომაც არ ვთვლით ამ ეტაპზე მართებულად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ახალი არჩევნების იდეას და არამც და არამც ის შეურაცხმყოფელი მოსაზრებები, რომელიც უსაფუძვლოდ და მრავლად არის გამოთქმული რეზოლუციის ვრცელ ტექსტში.

რაც შეეხება ”უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ არაერთ პრორუსულ განცხადებას, მიმართულს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ”, ან კიდევ ”აფხაზეთის სტრუქტურების მკვეთრ პუტინიზაციას და საქართველოში მოქმედი რუსული მე-5 კოლონის ფილიალად აფხაზეთის სტრუქტურების გადაქცევას”, ჩვენ მიერ ”კანონის სრული იგნორირებით ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას” და ა.შ. ”აფხაზთა კრების” რეზოლუციაში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, ეს აშკარად არასერიოზულია და ვფიქრობთ, რომ კომენტარსაც არ საჭიროებს.

მიუხედავად ჩვენი მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი შეფასებებისა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შორს ვართ იმ მოსაზრებისაგან, რომ ამ ხმამაღალი სიტყვების ავტორები თავად არიან ვინმეს, ან რომელიმე მტრულად განწყობილი ქვეყნის აგენტები, ამიტომაც მზად ვართ მათთან დიალოგისათვის, ქვეყნისა და ჩვენი თანამემამულეების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისათვის, რათა ერთობლივად გამოვნახოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც სასიკეთოდ წაადგება აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარებას.

თბილისი,
ოქტომბერი, 2014.
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions