ე.წ. ხელშეკრულება კრემლის იმპერიალისტური ბუნების მორიგი გამოვლინებაა

 

"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტი, რომელიც რუსეთის მხარის მიერ არის მომზადებული, კიდევ ერთხელ ღიად ადასტურებს კრემლის იმპერიალისტურ ბუნებას, რუსეთის ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებისა და აფხაზეთიდან იარაღის ძალით გამოდევნილი ასეულობით ათასი ადამიანის უფლებათა იგნორირებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო  გამოხატავს შეშფოთებას „ხელშეკრულების" პროექტთან დაკავშირებით.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას  ავრცელებს:

ამ დღეებში ფართო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტის შინაარსი. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც იმთავითვე ცნობილი იყო: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარება წარმოადგენდა და წარმოადგენს მხოლოდ შირმას, დროებით ტაქტიკურ მანევრს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის გზაზე. კრემლის მიერ შემოთავაზებული „ხელშეკრულება“ მოწოდებულია დე-ფაქტო და დე-იურე დაასრულოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ინკორპორაციის დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესი.

დასახული მიზნის მისაღწევად ოკუპანტმა მიზანმიმართულად სრულ ეკონომიკურ გაკოტრებამდე მიიყვანა უმდიდრესი ბუნებრივი და სხვა რესურსების მქონე მხარე, ამჟამად კი სასოწარკვეთამდე და შიმშილობამდე მიყვანილ ადამიანებს თავაზობენ „ხსნას“ რუსეთთან „ინტეგრაციის“ სანაცვლოდ, რაც უეჭველად, აფხაზეთის ტერიტორიულ-ადმინისტაციულ შთანთქმას, კრასნოდარის მხარის გაგრძელებად და  დანამატად მის გადაქცევას ნიშნავს.

„ხელშეკრულების“ პროექტის თანახმად, აფხაზეთი გამოემშვიდობება სახელმწიფოებრიობის ფორმალურ ნიშნებსაც კი. შეუძლებელია აქ არ გავიხსენოთ თითქმის საუკუნის წინანდელი ერთი ისტორიული ფაქტი. 1922 წლის 16 ნოემბერს აფხაზებს ულტიმატუმის წესით „ზემოდან“ მოსთხოვეს დასკვნის წარმოდგენა „სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის სახით რსფსრ-ს შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.  ეტყობა, მოვიდა დრო აფხაზეთის გარდაქმნისა კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში შემავალ არასახელმწიფოებრივ წარმონაქმნად.

მართლაც, განა შეიძლება საუბარი გაურკვეველი ტერიტორიული წარმონაქმნის სახელმწიფოებრიობაზე, რომელიც მისი ფარგლებიდან სამი მეოთხედის იძულებით განდევნის შედეგად არის წარმოშობილი? სახელმწიფოს, მით უფრო „დამოუკიდებელს“,  ვერ უწოდებ ადმინისტრაციულ ერთეულს უცხო ქვეყნის ბიუჯეტით, უცხო ქვეყნის ჯარით, უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკით, უცხო ქვეყნის მესაზღვრეებით, უცხო ქვეყნის პოლიციით, უცხო ქვეყნის საბაჟო და საფინანსო სისტემებით, უცხო ქვეყნის ხელფასებითა და პენსიებით, უცხო ქვეყნის ჯანდაცვით, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემით და, ბოლოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობით.

კრემლის განზრახვით, აფხაზეთის ტერიტორია უნდა გადაიქცეს მისი უზომო ამბიციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ერთ-ერთ სამხედრო პლაცდარმად, რომელიც დასავლეთის, არსებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებს აგრეთვე მდინარე ენგურთან ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებასაც, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაადგილების  უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობას წარმოადგენს.

თვით აფხაზთა პირველი არაერთგვაროვანი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,

საზოგადოების მნიშვნელოვან და საკმაოდ გავლენიან ნაწილს კარგად ესმის და ის აცნობიერებს იმ საფრთხის სიღრმეს, რომელიც მომდინარეობს მათთვის თავსმოხვეული „მოკავშირეობიდან და ინტეგრაციიდან“. ღირსეული ადამიანები, როგორებიც არიან აფხაზთა დიდი უმრავლესობა, შეუძლებელია თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად არ გრძნობდნენ მაშინ, როდესაც  „გამარჯვებისა“ და „დამოუკიდებლობის“ 21-ე  წლისთავზე მათ აყენებენ ალტერნატივის წინაშე - გარდაუვალი შიმშილი ან ოკუპანტთან ინტეგრაცია, როცა დაპირებული პურის ნაჭრის ზომა ყბადაღებული „ინტეგრაციის“ ხარისხზე პირდაპირ  პროპორციულად  არის დამოკიდებული.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის, აფხაზეთის ანექსიის პროცესის შეჩერების ერთადერთი საშუალება შეიძლება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის, მთელი ცივილიზებული სამყაროს ადექვატური რეაქცია. ჩვენი ღრმა რწმენით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, ამ სანქციების მოხსნის პირობებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის შეტანა.

თავის მხრივ, აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა დევნილების სახით, არასოდეს შეურიგდება საკუთარი სამშობლოს ანექსიას და ყველა შესაძლებელი საშუალებით და მეთოდით, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად, აფხაზეთის გასათავისუფლებლად.

Print