ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია საპატიო სიგელით დააჯილდოვეს


აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები ცნობილ ქართველ სუმოისტ ლევან ცაგურიას (კოკაის) შეხვედნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისა და იაპონურ ჭიდაობა ”სუმოში” მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის ლევან ცაგურია უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში იყო უაღრესად გულთბილი. წარმოშობით აფხაზეთელმა სპორტსმენმა თანამემამულეებს იაპონიაში თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებები გაუზიარა. საუბარი შეეხო სხვადასხვა თემას. ცხადია, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აინტერესებდა, როგორ უდგებოდა იაპონია ანალოგიურ პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც ლევან ცაგურიამ აღნიშნა, ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორცაა იაპონია, ”კურილიის თემა” მეტად მტკივნეული პრობლემაა და არ არსებობს ვადა, რომელიც მისი დაბრუნების მცდელობას გაახუნებს ან დაავიწყებს მოსახლეობას.

”იაპონიის რადიკალურად განწყობილი  პოლიტიკოსები და პატრიოტები საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან პერიოდულად (თვეში ოთხჯერ მაინც) საკმაოდ ხმაურიანად და ქუჩის აქციების ჩათვლით შეახსენებენ ხოლმე იაპონიის მოსახლეობას 70 წლის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული კურილიის კუნძულების პრობლემებს. ეს არის ერი, რომელიც საკუთარ პიროვნულობას ძალიან უკან გადასწევს და მთელ თავის ერუდიაციასა და პოტენციალს ქვეყნის საერთო საქმეს უძღვნის. მხოლოდ პატრიოტიზმს და ქვეყნისთვის თავგანწირვას შეუძლია ქვეყანას წარმატება მოუტანოს” - აღნიშნა ლევან ცაგურიამ.

შეხვედრის დასასრულს  სტუმარმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და აპარატის თანამშრობლებს გულთბილი მასპინძლობისათვის.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions