რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის”, შესახებ შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის ძირითადი მოთხოვნების უგულებელყოფას.
ე.წ. ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის დაკანონების მცდელობას. მასში დეკლარირებული ვითომ საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის“ ერთობლივი დაცვა, ერთიანი ძალოვანი სტრუქტურების ჩამოყალიბება და სხვა, სინამდვილეში ნიშნავს მდინარე ენგურთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლებას, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსიფიკატორული პოლიტიკის დამკვიდრებას და, აქედან გამომდინარე, აფხაზური ეთნოსის გაქრობას.
რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში ეწევა სახიფათო პოლიტიკას, როდესაც იგი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე სახელმწიფოების წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორად მის მიერვე ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. სახელმწიფოებს იყენებს.
მიუხედავად ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული მცდელობისა კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს ორივე ქვეყნის ობიექტური ინტერესების საზიანოდ ჩიხში შესული ქართულ-რუსული ურთიერთობები, აღნიშნული ქმედებით მოსკოვი ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის კანონიერ მოთხოვნას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამით რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესს.
,,სამოკავშირეო ხელშეკრულების“ გაფორმებით ეჭვქვეშ დადგება აფხაზი ერის ეთნიკურ–კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების პერსპექტივა, რასაც კარგად აცნობიერებს აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი. მან იცის ან უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა აფხაზი ხალხის კეთილდღეობასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა მტკიცედ ორიენტირებული.
რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საჯაროდ აცხადებენ, რომ „ხელშეკრულება“ თითქოს ორ ქვეყანას - რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის იდება, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს მიიჩნევს მის განუყოფელ ნაწილად, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. იგი ადასტურებს, რომ რუსეთი არღვევს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არამედ, ძირს უთხრის მომავალში საკუთარი ქვეყნის ერთიანობასაც, რაც, შესაძლოა, უფრო საშიში მადესტაბილიზირებელი ფაქტორი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობა და უმაღლესი საბჭო, რომლებიც აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას გამოხატავენ, მტკიცე პროტესტს გამოთქვამენ კრემლის მორიგი დესტრუქციული ქმედებების გამო. ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის მიტაცების ნებისმიერ მცდელობას. მოუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, აამოქმედოს სათანადო მექანიზმები, რათა დაიცვას რეგიონული უსაფრთხოება, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.