„აფხაზეთის კულტურის დღეები“ პრაღაში

 

პრაღაში დაიწყო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014  ფორმატში დაგეგმილი „აფხაზეთის კულტურის დღეები“.

 

ფესტივალით გათვალისწინებულ სხვადასხვა კულტურულ  ღონისძიებებში წელს პირველად სრულად ჩაერთვებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. გაიმართება აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი  აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მონაწილეობით. ჟიურის შემადგენლობაში შეყვანილია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანი.

 

გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის პრაღის საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნება სახელობითი მემორიალური დაფა.

 

გაიმართება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას „აფხაზეთის ისტორია" (ჩეხურ ენაზე) და ზურაბ ჯგუბურიას „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" წიგნების პრეზენტაცია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, პრაღის მერიაში და კარლოვი-ვარის მხარის გუბერნატორთან, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ჩეხეთის პოლიტიკური, მედიის, კულტურის, სამეცნიერო წრეებისა და ჩეხეთში ქართული დიასპორის  წარმომადგენლებს.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions