აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

დღეს, 23 იანვარს რუსეთის დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფასებს საქართველოს განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის რუსეთის მიერ საბოლოოდ ანექსიისა და შემოერთების მორიგ მცდელობად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოში დამპყრობლური პოლიტიკის მიზანმიმართულად განხორციელების გამო, რის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, უგულებელყოფილია აფხაზეთის მოსახლეობის სამი მეოთხედის ნება და გრძელდება ეთნიკური წმენდის დაკანონება.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გაფორმებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ძირითად აქტებს, რომლებიც იცავს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ძალის გამოყენებაზე უარის თქმის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.
საქართველოში, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, თავისი იმპერიული ზრახვების რეალიზაციით რუსეთი სრულ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ გაეროს 1970 წლის დეკლარაციას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობათა ცნებებს, მათ შორის სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის შესახებ.

რუსეთის აგრესიული, პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ათეული წლების მანძილზე ჩადენილი სამხედრო თუ პოლიტიკური აგრესიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაადექვატური რეაგირების შედეგია მსოფლიო სტაბილურობისათვის საშიში რუსეთის იმპერიის მიერ მიმდინარე ეტაპზე შექმნილი ახალი სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროს ხმა აღიმაღლონ რუსეთის ფედერაციის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ, არ დაუშვან დემოკრატიის გზაზე მდგარი ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების რუსეთის მიერ ანექსია და საბჭოთა კავშირის რეანიმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორია - საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი გახდება ევროპის, მთელი ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო პლაცდარმი.


თბილისი
23.01.2015წ.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions