მოსკოვმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. აფხაზეთთან ე.წ. ”მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმებით. ამ საკითხზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა საუბრობს.
- ბატონო ელგუჯა, 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის დუმამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. როგორ ფიქრობთ, ეს უკვე ანექსიის საბოლოო ნაბიჯია თუ აფხაზეთის კანონიერ საზღვრებში დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ უნდა გვქონდეს?
-ცხადია, კრემლის ეს ქმედება ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ომგამოვლილ ხალხს კარგად გვახსოვს, როგორ არღვევდა რუსეთი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეთანხმებას.... გამონაკლისი არც დღეს ხდება. ამჯერად ის საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს არღვევს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა ეს დიდად არ ადარდებს... ყველაფერი ეს ხდება უკრაინაში ვითარების უკიდურესად დაძაბვის ფონზე. რუსეთი ამით საერთაშორისო თანამეგობრობას ძალმომრეობის და თავხედობის მესიჯს უგზავნის..... რუსეთში დემოკრატია ჯერ ჩანასახშიც არ იგრძნობა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რატიფიცირებას დუმის 443 დეპუტატიდან 441-მა დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, რუსეთი პირობასაც დებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების ”გაფართოებისა” და საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად ”წინაპირობის შექმნისათვის”.
- გამოდის, რომ რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ბერკეტი ჯერ არ არსებობს?
- მე ვფიქრობ, სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას დიდი შედეგი არ ექნება, თუმცა არც უმაგისობა გამოვა. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ თავისი განცხადებებით მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას, სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე; არ დაუშვან დემოკრატიის გზაზე მდგარი ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების რუსეთის მიერ ანექსია და საბჭოთა კავშირის რეანიმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორია - საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი გახდება ევროპის, მთელი ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო პლაცდარმი.
- პარასკევს საქართველოს პრეზიდენტს რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით შეხვდით?
- არა მარტო. ეს ადრე იყო დაგეგმილი. პრეზიდენტი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეგვხვდა. არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის შეხვედრა დევნილობის მთელ პერიოდში არც კი გვახსოვს. ცხადია, საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატურ საკითხებს ეხებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით არის საკითხები, სადაც წითელი ხაზები დიდი ხანია გამოკვეთილია და მას ვერავინ გადაკვეთს. ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დასავლეთის ქვეყნებთან, რათა პარტნიორმა სახელმწიფოებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.
სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში მთელის ამ წლების მანძილზე არ ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა და პოზიცია აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზეც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლმა შეკითხვაზე - ხომ არ აჯობებდა სამომავლოდ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის საქართველოს ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სწორედ აფხაზების მომავლისთვის აჯობებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარება. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები მცირე ერები ისე უპრობლემოდ მოინელა, რომ დღეს მათი ნასახლარებიც კი იშვიათობაა. იგივე ელოდებათ ”დამოუკიდებელ” აფხაზებსაც. ერთადერთი პირობა აფხაზი ეთნოსის გადარჩენისთვის, ისევ ქართველებთან თანაცხოვრებაა. ჩვენ გვაქვს ამის ისტორიული მაგალითები. უბრალოდ რუსეთის ჩარხზე გამოჭრილმა სეპარატიზმმა ჩაახშო ის, რისი გამოაშკარავებაც წამგებიანია იმპერიული ზრახვების განხორციელებისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებთან დაკავშირებით პრეზიდენტს რეკომენდაციები და ხედვები გავუზიარეთ. იმასაც ვიტყვი, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთმა აფხაზეთს საქართველოსთან ურთიერთობის კონფედერაციული მოდელი შესთავაზოს. სამწუხაროდ, საქართველოში ამაზე ჯერ არც ფიქრობენ... პირადად ჩემთვის, დღეს არსებული რეალური ვითარებიდან, ფედერაციული, კონფედერაციული ან გნებავთ ნებისმიერი მოდელი იქნება მისაღები, რომელიც ისევ დააბრუნებს აფხაზეთს საქართველოს საზღვრებში და სადაც შავით თეთრზე იქნება გაწერილი, რომ საქართველოს არცერთ რეგიონს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, არცერთ ფედერალურ სუბიექტს არ ექნება საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის უფლება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. იმედი მაქვს, ქართველები საკუთარი ტერიტორიის გასხვისებას ხმას არ მისცემენ, ასე რომ ფაქტობრივად, ასეთი მოდელის შეთავაზების შემთხვევაშიც საქმე გვაქვს უნიტარული სახელმწიფოს მმართველობასთან.