აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 20 თებერვალს გააკეთა განცხადება გალის რაიონის სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული ენის  გენოციდი. ჯერ იყო და სკოლებში აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, შემდგომ შეიზღუდა ქართული ენის სწავლაც და იგი დაიყვანეს არასავალდებულო - ფაკულტატივის დონეზე.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან გალის რაიონში მცხოვრები ძირძველი ქართველი მოსახლეობა სწავლა-განათლებას მეგრულ ენაზე დაეუფლება. ეს გახლავთ ძალიან სახიფათო და სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი ნაღმი, რომლის მთავარი მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდა თაობაში ქართული ცნობიერების ამოძირკვა და სეპარატისტული იდეების დანერგვა.

 

რუსული სპეცსამსახურების მიერ მსგავსი ეთნოდივერსიების განხორციელება არახალია. სწორედ ამ მეთოდით გადაიყვანეს მათ თავის დროზე, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, აფხაზური ენა ქართული ანბანიდან რუსულზე, რითაც აფხაზებს დაავიწყეს ქართული ანბანიც და  ენაც, დღესაც აფხაზურ ენაზე  მხოლოდ მე-4 კლასამდე სწავლობენ, შემდგომი განათლება კი ყველა საფეხურზე  მხოლოდ რუსულ  ენაზე მიმდინარეობს. სწორედ მსაგავსი ეთნოდივერსიის განხორციელება იწყება ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ. ერთი შეხედვით, ეს თითქოსდა უწყინარი და ჩვენი მოსახლეობის ძალიან უმნიშვნელო ნაწილისათვის მაამებლური პოლიტიკა არის იმ იდეის ჩანასახი, რომელსაც ”абхазско-менгрельское государство”-ს ჩამოყალიბება ჰქვია, რაც ქართველთა ერთიანობისათვის უკიდურესად სახიფათოა და სერიოზულ საშიშროებას უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

 

ყოველივე ეს  იმ ვაიპოლიტიკოსებისა და მეცნიერების ბრალიც არის, რომლებიც თავის დროზე, ცრუდემოკრატიულობის იდეებს ამოფარებულნი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აწარმოებდნენ ყოვლად საზიანო და მეცნიერული გამოკვლევისათვის არაფრისმომტან  გამოკითხვებს მეგრული ენის თაობაზე, რამაც გალის რაიონში ხელი შეუწყო ჯერ მეგრული გაზეთის ”გალ” გამოცემას, შემდგომ მეგრული რადიო და ტელე გადაცემების მომზადებას და ამჯერად უკვე სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების შემოღებას.

 

ქართველთათვის უძვირფასესი წიგნის - იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენის” შემდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო, ვინმეს ჰყოფნოდა თავხედობა და ქართულ გარემოში ”ახალი დედა ენა” შემოეთავაზებინა  ჩვენთვის. მითუმეტეს, ქართული ენათმეცნიერების  კორიფეების - არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას და სხვათა  ქვეყანაში რკინიგზელი გვიწერდეს მეგრულ დედა ენას, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! მაგრამ  ნარგიზა ბასარიამ, რომელიც ლენინგრადში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების მანძილზე გალის ელექტროქსელის ტექნიკურ განყოფილებაში  ინჟინრად მუშაობდა და არაფერი აკავშირებდა ლინგვისტიკასთან, მშვიდად გაბედა მეგრელებისთვის ”დედა ენა” შეექმნა(!).

 

უძველეს მეგრულ ენას, რა თქმა უნდა, ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამაზე არც ჩვენ და არც სხვა ჭკუათმყოფელი ქართველი არ დავობს, მაგრამ ამისათვის შესაბამისი ფორმები  კვალიფიციურ ენათმეცნიერთა წრეში უნდა გამოიძებნოს. ხოლო ის, რასაც ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს სთავაზობენ ნამდვილად არ არის ნაკარნახევი მეგრული ენის გულშემატკივრობითა და ამაგით. ”დამოუკიდებელ” აფხაზეთში აფხაზური ენის განვითარებასა და შენარჩუნებაზე აღარავინ დარდობს. მითუმეტეს, მათ ნაკლებად ანაღვლებთ მეგრული ენის ბედი. ცხადზე უცხადესია, რომ აფხაზეთის ე. წ. დეფაქტო ხელისუფლება ბეჯითად ასრულებს მეხუთე კოლონის ფუნქციას და გალის რაიონში აპარტეიდის პირობებში მცხოვრებ ქართველობაზე ზემოქმედებას ცდილობს, თუმცა ეს არის უშედეგო ცდა!  ვის, ვის და სწორედ რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველობას სხვებზე მეტად აქვს გამძაფრებული პატრიოტიზმი და ერთი-ორი მოღალატის გარდა, ძნელად თუ წამოეგება მტრის ანკესზე.

 

და მაინც, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის უკიდურესად საშიში პროცესების დასაწყისი, რისი პრევენცია უნდა მოახდინოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისმა სამსახურებმა. ამ პროცესის შეჩერებას ხელი უნდა შეუწყოს მასში  მსოფლიო თანამეგობრობის ჩართვამ, საკუთარი კვალიფიციური სიტყვა უნდა თქვან ჩვენმა ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა.

 

 

20.02. 2015

აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions