აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რაც მოძალადეთა მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებაში გამოიხატება.

სულ ახლახან, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდის - ლევან ცაავას  სიცოცხლე  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციისა და რუსი სამხედროების  მიერ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამოგონილი საზღვრის  გადაკვეთის წესების მოთხოვნამ შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს  ტრაგიკული ფაქტი ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოში განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდება, ვერავინ უარყოფს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს  აფხაზეთის უკანონო -  დეფაქტო ხელისუფლება ყოველმხრივ ზღუდავს და ელემენტარულ უფლებებს ართმევს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა ასეთი  ტრაგიკული შედეგი.

დროა,  მორიგი, მსგავსი  უბედურების პრევენციისათვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების, სარწმუნოების, სქესისა თუ ასაკის მიუხედავად, მიეცეთ უფლება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის დაცვას ეხება, ასეთ შემთხვევაში მაინც, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, გადალახონ ე.წ. საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს  ჟენევისა თუ სხვა ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მონაწილეებს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ეს საკითხი პრინციპულად განიხილონ უახლოეს შეხვედრაზე, მიიღონ  შესაბამისი - ჰუმანური გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყონ აფხაზეთში ადამიანთა სიცოცხლის ხელშეუვალი უფლების დაცვას!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions