აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უხუცესი დეპუტატი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უხუცესი დეპუტატი, პროფესორი მალხაზ ბარამიძე ქართული არქეოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოში აღმოჩენილი ისტორიული ძეგლების შესწავლისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საქართველოს პრეზიდენტის (2015 წლის 29 აპრილის) განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღირსების ორდენის კავალერს, ბატონ მალხაზ ბარამიძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს და მისთვის მინიჭებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან ერთად კოლეგებმა თავიანთი სახელით საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს.

 


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ იუბილარს ჯანმრთელობა და კიდევ მრავალი წელი უსურვა მნიშვნელოვანი ღვაწლის გასაგრძელებლად. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად კი აფხაზეთის წარსულის ღირსეულად და უტყუარად წარმოჩენის საქმეში  მალხაზ ბარამიძემ დიდი მუშაობა გასწია. "ფრიად სასიამოვნო ფაქტია, რომ ესოდენ ღირსეული ადამიანის გვერდით გვიწევდა 20 წლის მანძილზე მუშაობა... ბატონმა მალხაზმა მეუღლესთან ერთად აფხაზეთის თითქმის ყველა კულტურული ძეგლი მოიძია და შეისწავლა და ისტორიას დაუტოვა ეს შესანიშნავი მემკვიდრეობა".

 


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ "ბატონი მალხაზი მართლაც არის ის ღვაწლმოსილი და ღირსეული პიროვნება, რომელმაც დიდი ხანია ეს ჯილდო დაიმსახურა. აფხაზეთში მის მიერ წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩენილ უნიკალურ მასალებს მიცემული აქვს უმაღლესი შეფასება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც".

 


იუბილარმა  გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და კოლეგებს მისი შემოქმედების გამორჩეული დაფასებისთვის. "იცით, საქართველოში კუთხე არ დარჩენილა, სადაც მე არ მიმუშავია, მაგრამ აფხაზეთი ჩემთვის სულ სხვაა. აფხაზეთის ყველა სოფელი ფეხით შემოვიარე, 250-მდე არქეოლოგიური ძეგლი მაქვს მოძიებული. მე ახლაც აფხაზეთში ვარ და ჩემი თავიც ნამდვილი აფხაზი მგონია. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების მთელი ამ წლების მანძილზე ერთობლივი საქმიანი ურთიერთობებისთვის, მეგობრობისა და აქტიური თანადგომისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩემთვის მხოლოდ ორდენი არ არის, ეს ჩემი ღირსებაცაა" - აღნიშნა მალხაზ ბარმიძემ.

 













































 





































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions