სამეცნიერო კონფერენცია გორში

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს(ოქროპირიძე) დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

ალექსანდრე ოქროპირიძემ 1850 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მომდევნო წლის აპრილში ის სამოღვაწეოდ აფხაზეთში გაამწესეს.  გადაწყდა   უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გახსნილიყო ლიხნის სასულიერო სასწავლებელი, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა.  სასულიერო სასწავლებელი ფუნქციონირებას 1852 წლის სექტემბრიდან შეუდგა. მანამდე კი - 1851 წლის სექტემბერში, ალექსანდრე ოქროპირიძემ საკუთარი სახსრებით ილორში გახსნა სკოლა აფხაზებისათვის, სადაც სასწავლო პროცესსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ეს არის პირველი პრეცენდენტი აფხაზთა ისტორიაში მათთვის სკოლის გახსნისა, ხოლო ალექსანდრე ოქროპირიძე გახლავთ  აფხაზთა  პირველი  მასწავლებელი.

1851-1869 წლებში აფხაზეთში მოღვაწეობის მთელი 18 წლის მანძილზე ალექსანდრე ოქროპირიძე ერთდროულად ეწეოდა  მისიონერულ და პედაგოგიურ საქმიანობას.  1861-1869 წლებში  ის იყო აფხაზეთის ეპისკოპოსი.

აღსანიშნავია, რომ  გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩატარებული კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ და სოხუმის უნივერსიტეტმა.

ორ სექციად მომუშავე კონფერენციის პირველ სექციას ბატონმა ჯემალ გამახარიამ უხელმძღვანელა, ამასთან პლენარულ სხდომაზე ის წარსდგა მოხსენებით თემაზე ”წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს(ოქროპირიძე) მისიონერული და პედაგოგიური მოღვაწეობა აფხაზეთში”(1851-1861 წლები).

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions