ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ ენას ვერ სწავლობენ

როგორც აფხაზური საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ქ.სოხუმის ნესტორ ლაკობას სახელობის საშუალო სკოლაში 6-7 აგვისტოს ჩატარებული აფხაზური ლიტერატურის გამოცდაზე 21 მოსწავლიდან 15-მა ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი ნიშანი, რის გამოც აგვისტოში მოუწევთ საგნის გადაბარება.

 

საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკოლა არის ექსპერიმენტალური, აფხაზური ენის სწავლებით. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლაში ოჯახებიდან არ ჰქონდათ მხარდაჭერა - ”ცხადია, მათ მოჰყავთ შვილები იმისთვის, რომ ვასწავლოთ ენა, მაგრამ თუკი ოჯახებში მშობლიურ ენაზე არ მეტყველებენ, ჩვენ ძალიან გაგვიძნელდება სწავლების პროცესი. წლების მანძილზე ვითხოვდი სპეციალური პროგრამის შემუშავებას, თუმცა უშედეგოდ”.

ასეთი სავალალო შედეგი გარდაუვალი იყო რუსული ოკუპაციის პირობებში. რუსეთი ამა თუ იმ ეთნოსის გადაგვარებისთვის ერთსა და იმავე იარაღს იყენებს - ენის, სარწმუნოების და ტრადიციების ამოძირკვას. თავის დროზე სწორედ ასე ”იზრუნა” რუსეთმა აფხაზთა მონათესავე  სხვა კავკასიელ ხალხებზე.

დანარჩენ საქართველოში აფხაზურ ენას სახელმწიფო სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. ოკუპანტი რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი აფხაზოლოგები და ქართველოლოგები ცდილობენ  აფხაზურ ენას შეუნარჩუნდეს გამოყენების ფართო ასპარეზი.  შექმნილია დამწყებთათვის აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული ორდონიანი პროგრამა, მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  ქმედით ნაბიჯებს დგამს აფხაზური ენის სწავლებისა და დანერგვის საქმეში.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions