”მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვეწვიეთ საელჩოში. საინტერესო და ნაყოფიერი იყო თქვენი გამოცდილების მქონე ადამიანთან ურთიერთობა და დასანანია, რომ ეს შეხვედრა საკმარისი არ იყო. იმედი მაქვს, მალე სოხუმშიც მოგვეცემა ამის საშუალება”, - განაცხადა ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის მოადგილემ ეკატერინე დუგლაძემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ელგუჯა გვაზავასთან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ე. გვაზავას ჰააგაში ვიზიტისას (14-21 ივლისს).
ვიზიტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის ”მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანადგომით და ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ორგანიზებით. პროექტის მიზანია პესრპექტიული და მიზანდასახული ახალგაზრდების ჯგუფის საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების შეძენა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას თქმით: ”მსგავს პროექტებში უმაღლესი საბჭო პერმანენტულად მონაწილეობს და შეძლებისდაგვრად ხელს უწყობს ახალი თაობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას, აძლევს მათ საშუალებას, რომ გაიღრმავონ ცოდნა, დახვეწონ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლის უნარები, გაეცნონ გაეროს მუშაობის მეთოდებსა და პრინციპებს, იურთიერთონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგზარდებთან. წლევანდელი პროექტი ითვალისწინებდა გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მოდელირებულ შეხვედრებს, სადაც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის პრობლემატიკას. მასპინძლებს მივაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს კონფლიქტურ ზონებში დღეისათვის არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რის შესახებაც მათ არავითარი ცნობა არ გააჩნდათ. ჩვენ თან გვქონდა ლიტერატურა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების შესახებ, რაც ასევე უცნობი იყო მათთვის. ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოს კონფლიქტები და მათ შესახებ უფრო მეტი რეზონანსი საერთაშორისო არენაზე. დიპლომატების აზრით, უპრიანი იქნებოდა თუკი საქართველოში ამბასადორიალში უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესად იცნობენ აფხაზეთის კონფლიქტის გენეზისს და აქვთ საკმაო გამოცდილებაც. ჰააგაში გვქონდა ასევე შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამემემულეები ძალიან ემადლიერებიან მასპინძელ ქვეყანას”.