აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებულია საქართველოს ძირძველ კუთხეში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქეთის ქოჯაელის ოლქის გუბერნატორის იბრაჰიმ კარაოსმანოღლუსა და ქალაქ იზმითის მერის ნევზათ დოგანის ხელმძღვანელობით მ.წ. სექტემბერში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთით განხორციელებული თურქული მხარის დელეგაციის ვიზიტით.

 

ჩვენს გაკვირვებას იწვევს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების, თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცალსახად აღიარების ფონზე ორმაგი სტანდარტის ნიშნების შემცველი პოლიტიკური ინსინუაციები, რაც ჩვენი ღრმა რწმენით ხელს არ შეუწყობს ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

ცხადია, რომ ეს არ არის სპონტანურად ორგანიზებული ღონისძიება და საქმე გვაქვს საქართველოს პოლიტიკური არაკეთილმოსურნეების პროვოკაციულ საქმიანობასთან, ვინაიდან ამ ვიზიტის პარალელურად თურქეთში ეთნიკური აფხაზებით დასახლებულ ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტით იმყოფება რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებთან ერთად გაატარებს შესაბამის პრევენციულ ზომებს და არ დაუშვებს მსგავს პოლიტიკურ პროვოკაციებს მომავალში.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions