აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მორიგი სიცრუე

 

 

იტალიის ქალაქ ბარში გამართულ Fiera del Levante-ის გამოფენასთან დაკავშირებით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ ქართველი დიპლომატების ”სიცრუესა და არაპროფესიონალიზმზე” ისაუბრა. მისი თქმით - „აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას “Fiera del Levante”-ის გამოფენის ორგანიზატორებთან, შესაბამისად იტალიის ხელისუფლების მოტყუებაზე საუბარი სიბრიყვეა. როგორ წარმოგიდგენიათ გამოფენაში მონაწილეობა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე? გამოფენის ტეროტორიაზე მისვლისას ჩვენ დაგვხვდა ბანერი წარწერით - «Repubblica di Abcasia», რომელიც ორგანიზატორების მიერ იყო დამზადებული. ეს შეთანხმებული იყო Fiera del Levante-სთან გაფორმებული კონტრაქტით. ჩვენი მხრივ არსებულ წარწერას დავამატეთ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბანერი“, - განაცხადა კან ტანიამ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იტალიის ელჩს ანტონიო ბარტოლიმის შეხვდა, რასაც იტალიის ელჩის განმარტება მოჰყვა, რომელმაც აშკარად წარმოაჩინა, რომ სწორედ ბატონი ტანია ცრუობს: „საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არანაირი თანამშრომლობა არ გაუწევია. პირიქით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა „ფიერა დელ ლევანტეს“ საგამოფენო სტენდიდან ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბანერის მოხსნა. როგორც კარგად არის ცნობილი, ამ ცნებასა და სახელწოდებას ჩვენი მთავრობა არ აღიარებს, პირიქით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაერთიანებული ერების პოზიციის შესაბამისად გატარებულ არაღიარების პოლიტიკას“ - განაცხადა ელჩმა.

 

„იტალია ხელს უწყობს საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას და მის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონთან კონსტრუქციულ დიალოგს, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის შეუსაბამო ქმედებას შეუძლია ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს. ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა“ და იტალიურ ქალაქ მატერას სავაჭრო პალატას შორის შესაძლო ხელმოწერილი შეთანხმებები ძალის არმქონეა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, (რომელსაც - საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, - ამ შემთხვევაშიც არანაირი როლი არ შეუსრულებია) აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა „Unioncamere“-ს, ორგანიზაციას, რომელიც ყველა იტალიურ სავაჭრო პალატას აერთიანებს. და ბოლოს, ასევე მსურს ავღნიშნო, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხმება, ხელმოწერილი იტალიის რეწვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულ კონფედერაციასთან“ - აღნიშნულია ელჩის კომენტარში.

 

აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით იტალიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩევლმა დავით ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გამოფენაზე სტენდი 2000 ევროდ იქირავა, ისევე როგორც ამის დაქირავება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს. ბეზერაშვილმა განმარტა, რომ ქართულმა მხარემ მიმართა იტალიის ხელისუფლებას და გამოფენიდან სტენდი მოხსნეს.

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions