წაყრუება არ ეგების!

ისეთ ვითარებაში, როცა ოკუპანტი ქვეყნის აღვირახსნილობა ყველა ზღვარს გადადის და სახეზეა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა უგულებელყოფა, წაყრუება მტრის წისქვილზე წყლის მიშვების ტოლფასია,”-უკმაყოფილებას გამოხატავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.


ნუგზარ მგალობლიშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის სეპარატისტულ  ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოჰყვა  აფხაზეთში  ყოველგვარი ქართული კვალის წაშლის უფრო ფართო და მასშტაბური ხასიათის აქტიური ქმედებები. ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო დონეზე  იმართება  კულტურულ-სამეცნიერო და პროპაგანდისტული ხასიათის ღონისძიებები. მათი მეშვეობით სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის სახელმწიფოს უშუალო მითითებითა და მხარდაჭერით  ეწევა მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და  ისტორიული ფაქტების გაყალბებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ.

 

”აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების მცდელობის არაერთი ფაქტის ფონზე,  გალის რაიონში ქართული სკოლების სტატუსის გაუქმებას და ამ სკოლებში სწავლების მთლიანად რუსულ ენაზე გადაყვანას, მოსწავლეთათვის მშობლიური ქართული ენისთვის უცხო ენის სტატუსის მინიჭებას   და მისთვის კვირაში  ორი საათის დათმობას ოკუპანტების მიერ დაგეგმილი კულტურული გენოციდის განხორციელებისკენ, აფხაზეთის სრული რუსიფიკაციისკენ მივყავართ”-განმარტავს დეპუტატი. ნუგზარ მგალობლიშვილის განცხადებით, ”ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი იძულებული გახდა გაეხმოვანებინა რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა – დაიშვას უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვა, რაც ქართული კვალის მაქსიმალურ წაშლას გულისხმობს. ხოლო ისედაც უმცირესობაში მყოფ აფხაზთა ეთნოსს აფხაზეთში უცხოელების გამრავლებით რეალური გადაშენება ემუქრება. სამწუხაროდ, ოკუპანტთა ზრახვებს ხელს ისიც უწყობს, რომ აფხაზეთიდან განდევნილ მოსახლეობას, მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, დღემდე არ ეძლევა აფხაზეთში არსებული საკუთრების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, რაც არამარტო დევნილთა ბუნებრივ ეჭვს ბადებს აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის სურვილის არსებობაზე, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფუნდამენტალურ ნორმას საკუთრების უფლების შესახებ.

 

ისეთ ვითარებაში, როცა ოკუპანტი ქვეყნის აღვირახსნილობა ყველა ზღვარს გადადის და სახეზეა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა უგულებელყოფა, წაყრუება მტრის წისქვილზე წყლის მიშვების ტოლფასია, რადგან სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ფაქტების მიჩუმათება აგრესორის კიდევ უფრო მეტ გათამამებას უწყობს ხელს და ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება თანამედროვე რუსული ნეოიმპერიალიზმის ვანდალიზმს მივაპყროთ, გართული ვართ ყურით მოთრეული და სახელმწიფოსთვის სრულიად უმნიშვნელო საკითხების აქტუალიზაციით, რითაც თანამონაწილენი ვხდებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის კატასტროფულ დონემდე შეზღუდვისა. დიდი ხანია დადგა ჟამი გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით   საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური განხილვის საგნად ვაქციოთ ის, რასაც აგრესორი ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს”- ნათქვამია ნუგზარ მგალობლიშვილის განცხადებაში.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions