აფხაზეთის ა/რ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

 

აფხაზეთის ა/რ დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით ოფიცილური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია.

 

ა/წ 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის თურქეთის სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 28-29 სექტემბერს აფხაზეთის ა/რ დელეგაცია და ანკარაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე შეხვდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეფიქ ურალ ალთაის, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტს სერდარ გუნდოღანს და თურქეთის თანამშომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს მეჰმეთ სურეიას.

 

29 სექტემბერს აფხაზეთის ა/რ დელეგაცია დაესწრო ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ მიღებას, რომელიც აფხაზეთის ტრაგედიის 22-ე წლისთავს მიეძღვნა. მიღებას ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროთა წარმომადგენლები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები 20 ქვეყნიდან, საზოგადო მოღვაწეები, ქართული და აფხაზური სათვისტომოების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირაკლი კოპლატაძემ და ვახტანგ ყოლბაიამ.

 

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე აფხაზეთის ა/რ დელეგაცია სტუმრობდა თურქეთის იმ რეგიონებს, სადაც დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ქართული და აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები. ქ. ინეგოლში დელეგაცია შეხვდა თურქეთის პარლამენტის წევრს თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჰუსეინ შაჰინს, აგრეთვე ქალაქის გამგებელს ალი აქჩას, მერს ალინურ აქთაშს და ადგილობრივი ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს.

 

ქალაქ საქარიაში აფხაზეთის ა/რ დელეგაციას მასპინძლობდა რეგიონის გუბერნატორი ჰუსეინ ჯოში. აქვე გაიმართა შეხვედრა საქარიას უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ მუზაფერ ელმასთან, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან. აფხაზეთის ა/რ დელეგაცია სტუმრობდა ქოჯაელის მერს იბრაჰიმ ქარაგსმანოღლუს და ქ. სტამბოლის ქართალის ოლქის მერს ალთინოქ ოზის.

 

თურქეთის რესპუბლიკაში გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა მყარად და ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასოდეს არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას; მის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად აფხაზეთის ა/რ დევნილ ხელისუფლებას მიიჩნევს.

 

ვიზიტის შედეგად დამყარდა ახალი კავშირები, დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობენ თურქეთის საზოგადოების უკეთესად ინფორმირებას აფხაზეთის ტრაგედიის შესახებ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებას, ეკონომიკური კავშირების დამყარებას და გაღრმავებას, აფხაზეთიდან დევნილთა დახმარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებას.

 

აფხაზეთის ა/რ ოფიციალური დელეგაციის წარმატებული ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ფართოდ გაშუქდა თურქეთის მედიაში, შესაძლებელი გახდა ანკარაში საქართველოს საელჩოს, პირადად ელჩის ირაკლი კოპლატაძის ძალისხმევითა და თანადგომით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions