იან ბზეჟინსკი - "პუტინს მეტი აგრესიისკენ ვაქეზებთ"

ტრანსატლანტიკური საკითხების მკვლევარის, იან ბჟეზინსკის განცხადებით, "ყირიმის ანექსიაზე აშშ-სა და დასავლეთის თავშეკავებულ რეაგირებას მოჰყვება ის, რომ შემდეგი სამიზნე მოლდოვა და საქართველო გახდება.

ბზეჟინსკის შეფასებით, აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი  რუსეთის  წინააღმდეგ, მეტი ეკონომიკური და დარგობრივი სანქციებია.

ანალიტიკოსმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ ნატო-სა და აშშ-ის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ევროპის აღმოსავლეთში უნდა გაძლიერდეს.

"ბოლო თვეებია, რუსეთი თავის საზღვარს წევს საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გამოსავალი არის მეტი ეკონომიკური, დარგობრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მეტად უნდა გავაძლიეროთ ნატო-სა და აშშ-ის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ევროპის აღმოსავლეთში, უნდა გადავცეთ თავდაცვითი იარაღი უკრაინას და გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები ყველა დონეზე. სხვა შემთხვევაში, ვტოვებთ შეშინებული და დაეჭვებული მხარის შთაბეჭდილებას. ამით კი, პუტინს ვაქეზებთ მეტი აგრესიისკენ",-განაცხადა იან ბჟეზინსკიმ.

მისივე თქმით, ევროპელთა დახმარების ინიციატივამ დღემდე ვერ შემოიკრიბა საკმარისი რესურსები, რათა მოსკოვის აგრესიის შეკავება მოეხდინა.

"ამ ფონზე, თავად რუსეთი მოულოდნელად გეგმავს და ახორციელებს მანევრებს ათობით ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით. ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ეგიდით, უნდა განვალაგოთ ნატო-ს ჯარები ბალტიისპირეთში, რუმინეთსა და პოლონეთში, დავგეგმოთ მეტი სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში და არა დასავლეთში, ისე როგორც ეს პორტუგალიასა და იტალიაში გავაკეთეთ ბოლოს, რადგან, ომი დასავლეთ ევროპაში არ მიმდინარეობს. ამ ძალისხმევაში, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ ამ ინიციატივისთვის ოთხჯერ გაზრდილი ხარჯების მოთხოვნა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ ვშიშობ, ეს არასაკმარისი ძალისხმევაა",-განაცხადა ბჟეზინსკიმ.

PIA.GE, 29.02.16

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions