2016 წლის 5 მაისს, ფონდი „სოხუმის“ ოფისში (ქუთაისი, მგალობლიშვილის N6), 11 საათზე, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი განსაზღვრავს ჩარჩო-პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეები იხელმძღვანელებენ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისას; იგპ-თა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში; დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
შეთანხმების მიზანია არასამთავრობო სექტორსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ურთიერთქმედების ეფექტურობის ამაღლება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამოქალაქო ინტეგრაციისათვის; მოქალაქეების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახელმწიფო მომსახურების დონის ამაღლება ცხოვრების ხარისხის თანამედროვე სტანდარტების მისაღწევად და ადამიანთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად; ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული მხარდაჭერის ბაზის განმტკიცება აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების სეგმენტის განვითარებისათვის.
მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მხარეთა პასუხისმგებლობებს.