აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წერილს ეხმაურება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ მუდმივად აპროტესტებს სოხუმის რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომლითაც სეპარატისტული ხელისუფლება და მისი იდეოლოგები ცდილობენ სხვადასხვა ხერხით დამოუკიდებელი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნან. ამჯერად მათ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე  არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის ჩატარებით სცადეს, რასაც მოჰყვა გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე.

 

მართალია, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების ასეთ გამოხტომებს ჯერ შედეგი არ გამოუღია, რადგან ყველა ცივილიზებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად აღიქვამს, მაგრამ ცხადია და აუცილებელი, ქართულმა მხარემ  სეპარატისტთა ყველა მსგავს თვითნებობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, რათა საბოლოოდ სავალალო შედეგის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც ერთი ასეთი ფაქტი, შესაბამისი რეაგირების თანხლებით, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

 

ამჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და იმ წერილის შინაარს ასაჯაროებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის მთავარმა უწყებამ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს გაუგზავნა:


„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ არაღიარებული აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მედია საშუალებით გაჟღერდა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართული არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიმართა ფიფას და ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჩემპიონატის მსვლელობისას გამართულ პრესკონფერენციაზე დაგ ლარსენისა და სერგეი აზიზოვის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ. შედეგად, ფიფამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის ემიჯნება ე.წ. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს, ამასთან, ზემოთაღნიშნული პიროვნებების განცხადებების ფიფას ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი არიან ფიფაში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები, რომელთა განცხადებები არ არის და მათი სტატუსიდან გამომდინარე, ვერც იქნება ფიფას ოფიციალური პოზიცია.

 

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მედიაში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს წერილობით მიმართოს ფიფას წევრობის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შემდეგი წერილით მიმართა ფიფას პრეზიდენტს ბატონ ჯანი ინფანტინოს. მასში აღნიშნულია:

 

მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფასგან და უეფასგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA” ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფასთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთადდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.”

 

წერილს ხელს აწერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions