თამაზ ნადარეიშვილის გახსენება


2016 წლის 19 ივლისს 62 წელი შეუსრულდებოდა თამაზ ნადარეიშვილს - სახელოვან მამულიშვილს, ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორს, პროფესორს, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს(1990-1992; 1999-2004წწ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს( 1992-1993წწ.), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს(1995-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს(1995-2004წწ.) საქართველოს ვიცე-პრემიერს(1993-1995წწ.) გენერალ-მაიორს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატს. თამაზ ნადარეიშვილი 50 წლის ასაკში 2004 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

დღეს თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, მისმა მოადგილეებმა, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. თ.ნადარეიშვილის ცხოვრების მიზანი, როგორც თავად მიიჩნევდა იყო „აფხაზეთში დაბრუნება, იქ ქართული სულისა და გენის აღორძინება”. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას, აფხაზეთის დევნილ, ლეგიტიმურ სტრუქტურებს და მოსახლეობას საკუთარი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

თამაზ ნადარეიშვილმა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, თავისი შეუპოვარი მოღვაწეობით შეძლო სიმართლე აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან მიეწოდებინა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადებული მისი გამოსვლები, თამაზ ნადარეიშვილის მიერ  გაკეთებული ანალიზი და შეფასებები აფხაზეთზე მუდმივად გამოირჩეოდა საერთაშორისო რეზონანსით. საყურადღებოა თუნდაც ერთი ციტატა მისი მოხსენებიდან:

“ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც გამოყენებულიქნა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, მისი სახელმწიფოებრივი ორიენტაციის შეცვლის მიზნით. ეს კონფლიქტი შედეგია იმპერიული აზროვნებისა, რომელსაც შორს მიმავალი რეციდივი გააჩნია.” - ქ.ბრიუსელი, 1999 წელი, ნატოს გაფართოებულ სხდომა.














Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions