2008 წლის 26 აგვისტო - საქართველოს უახლესი ისტორიის ერთიერთი უმძიმესი გამოწვევა

 

2008 წლის 26 ავისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ხანმოკლე ომის შედეგად საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობა. ეს ომი რუსეთის მიერ წლების განმავლობაში მზადდებოდა, რომლის მიზანი გახლდათ საქართველოს ისტორიული რეგიონების, ქართული ცივილიზაციის უძველესი კერების აფხაზეთისა და  ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ადგილობრივი კანონიერი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან ამ ტერიტორიების დაცლა, რუსეთის სამხედრო ბაზებად მათი გადაქცევა და ამ გზით სამხრეთ კავკასიაში დასავლეთზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, მისი განვითარებადი ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის განადგურება და ა.შ.

რუსეთის მიერ ომის პროვოცირებამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას, საერთაშორისო მართლწესრიგს. ეს გახდა კონფლიქტში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერატიულად ჩარევის მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტას. მიუხედავდ ამისა, რუსეთი  დღემდე ჯიუტად არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას საოკუპაციო ჯარების ომამდელი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ. უფრო მეტიც, ადგილობრივ სეპარატისტულ რეჟიმებთან „შეთანხმებით“ ორივე რეგიონში მძლავრი რუსული სამხედრო ბაზები იქნა განთავსებული, რომელთა გაფართოება და კეთილმოწყობა ამჟამადაც მიმდინარეობს, ასევე ფართოვდება მცოცავი ანექსიის მასშტაბები ცხინვალის რეგიონში.

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  აღიარების საკითხი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის დიდი მცდელობისა, პრაქტიკულად ჩავარდა. ამ პროცესს მხარი არ დაუჭირეს ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა, აგრევე სხვა ქვეყნების ლიდერებმა, თვით უახლოესმა მოკავშირეებმაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვს. პირველ რიგში, მან უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. მხოლოდ აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის” აღიარებამ ავტონომიური რესპუბლიკის მრავალეთნიკური მოსახლეობის თითქმის ¾ ხანგრძლივი  დევნილობისთვის გაწირა, ხოლო მის გარკვეულ ნაწილს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად გალის რაიონში დაბრუნდა, კიდევ უფრო დაუმძიმდა ყოველდღიური ყოფა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც არჩეულია აფხაზეთში და ავტონომიური რესპუბლიკის მრავალეთნიკური მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველია, ძალისხმევას არ დაიშურებს ქართველთა და აფხაზთა შერიგებისთვის, გარედან თავსმოხვეული უგუნური ომის ორივე მხარისათვის დამღუპველი შედეგების აღმოსაფხვრელად, თუმცა კარგად გვესმის, რაოდენ რთულია შექმნილ პირობებში ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევა.

 

მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, ურთულესი პრობლემებისა, საქართველო მყარად დგას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ერთადერთ სწორ პლატფორმაზე. 2010 წლის 23 ნოემბერს მან აიღო ცალმხრივი ვალდებულება  ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის განუახლებლობის, ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტის სესახებ. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკის წარმატებისთვის, ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის საჭიროა ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით ეფექტური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება, რომელიც დევნილთა  და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს  გახდება შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარების საფუძველი, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართალის, პოზიტიური მსოფლიო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions