სამუშაო შეხვედრა უმაღლეს საბჭოში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უმაღლეს საბჭოს ეწვია. მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა.

 

„ჩვენი სურვილია უფრო დინამიური ნაბიჯები გადავდგათ სამშვიდობო პროცესში, ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მონიშნული გვაქვს მთავარი მიმართულებები და რამდენადაც ეს არის სამუშაო პროცესი, ცხადია, მნიშვნელოვანია ყველა რელევანტური ჯგუფისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა. ამდენად, ჩემთვის საინტერესოა დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები, რეკომენდაციები და არსებული ვითარების მათთან ერთად განხილვა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა და უზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობის აღდგენის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, რომელიც სახალხო დიპლომატიის, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობის, დევნილების დაბრუნების,  განათლების, გადაადგილების თავისუფლების და სხვა აქტუალურ პრობლემას ეხებოდა.

საგულისხმო იყო ფრაქციათა კოალიციის ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო თავმჯდომარის თემურ მჟავიას მოსაზრება  ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, რომელმაც მინისტრს ინფორმაციის მოწოდება სთხოვა ამ ფორმატიდან გამომდინარე რაიმე კონკრეტული პოზიტიური  სახის შედეგის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილმა მყისიერდ უპასუხა, რომ ასეთი კონკრატული შედეგი დღემდე არ დამდგარა, თუმცა მინისტრის არა ერთი დასაბუთებული არგუმენტის გაზიარებით შეხვედრაში მონაწილე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ცალსახად მიზანშეწონილად მიიჩნიეს ჟენევის ფორმატის გაგრძელების აუცილებლობა.

დასარულს, შეხვედრა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მათთან ერთად განხილვის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი  სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვნად წაადგება კონფლიქტების დარეგულირების პროცესს.

 

Print