”ეს არის წიგნი, რომელსაც მტერიც წაიკითხავს”

 

15 თებერვალს ვ.არაქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის თურქულენვანი წიგნის - ”აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია. ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთვრობის წევრები; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი; თურქოლოგები და სხვა აღმოსავლეთმცოდნეები, აკადემიკოსები - ელიზბარ ჯაველიძე, აპოლონ სილაგაძე, პროფესორები - ცისანა აბულაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მარიკა ჯიქია, გიორგი ანთელავა, წათე ბაწაში, მირიან მახარაძე, გივი დათიაშვილი, ნინო ოქროსცვარიძე, ელენე ჯაველიძე, შალვა გაბისკირია,  ელისო მაჩიტიძე, თამარ ალფენიძე, დოქტორანტი გელა გუნიავა; აფხაზეთის თემაზე მომუშავე ცნობილი ისტორიკოსები - ზურაბ პაპასკირი, კახა კვაშილავა, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა, ნიკო ჯავახიშვილი, როზეტა გუჯეჯიანი;  თურქი პროფესორები - ერდოღან ალტინკაინაკი და ვედი აშკაროღლუ, სტამბულის ”ქართული ხელოვნების სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ირემაძე, აზერბაიჯანის საელჩოს 1-ლი მდივანი რაჰიმ რაჰიმზადე; წიგნის მთარგმნელი, ცნობილი თურქოლოგი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი.

 

 

წიგნი არის პოლიტოლოგიური ხასიათის სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი, რომელშიც არის გაშუქებული აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორია უძველესი დროიდან დღემდე და შეფასებულია აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური  რეალობა. წიგნში რეგიონის კულტურულ ისტორიას ცალკე თავი ეძღვნება და ამას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ”აფხაზეთის უძველესი კულტურა ყველაზე კარგად წარმოაჩენს, თუ ვინ შექმნა და ვის კუთვნილებას წარმოადგენს ეს კულტურა, შესაბამისად ის ტერიტორია, რომელზეც განფენილია  იგი” - აღნიშნავს ჯემალ გამახარია.



ავტორის განმარტებით, ”წიგნი შეადგენს პროექტის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოებს (მათ შორის, სადაც სეპარატისტებს ჰყავთ ლობისტები) თავიანთ ენაზე მიაწოდონ მოკლედ და გასაგებად გადმოცემული მასალა აფხაზეთის პრობლემატიკაზე. წიგნს დართული აქვს ბიბლიოგრაფია ბმულების მითითებით, რომლის საშუალებითაც ამ თემით დაინტერესებულებს შეუძლიათ უფრო ვრცლად გაეცნონ სათანადო ლიტერატურას. მსგავსი სახელწოდების წიგნი რამდენიმე ენაზეა გამოცემული, სადაც დიდწილად ერთი და იგივე პრობლემებია განხილული, თუმცა სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვა აქცენტია გაკეთებული ამა თუ იმ ქვეყნის  პოლიტიკისა და საქართველოსთან ურთიერთობის, ასევე შესაბამის ქვეყნებში არსებული ისტორიული წყაროების გათვალისწინებით.”

 

 

წიგნს მაღალი შეფასება მისცეს როგორც თურქმა მეცნიერებმა, ისე ქართველმა თურქოლოგებმა.  ერდოღან ალტინკაინაკი: - ”ჩვენ ისტორიამ ერთმანეთს მჭიდროდ დაგვაკავშირა. თურქეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ასევე ცხოვრობენ აფხაზები - ქართველთა განშტოება. აფხაზთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა ამჯერად მოწყვეტილია თავის დედა-ორგანიზმს. მე ვფიქრობ, ეს არის დიდი იმპერიალისტური ძალების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგი, ამიტომ ჩვენ, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, ერთად უნდა შევქმნათ ამ წიგნის მსგავსი არაერთი ლიტერატურა, რომელიც დაფუძნებული იქნება სათანადო წყაროებზე და წინ აღუდგება იმპერიალიზმს. წიგნი დიდ წვლილს შეიტანს თურქეთში მცხოვრები იმ ქართველების გათვითცნობიერების საქმეში, რომლებიც ვერ ან ცუდად ფლობენ ქართულ ენას და ნაშრომის დანიშნულებაც უპირველესად, სწორედ ეს გახლავთ ”.

 

 

შეეხო რა მავანთა მხრიდან სოციალურ ქსელში გაჟღერებულ ”კრიტიკას”, ბატონმა ალტინკაინაკმა ბრძანა: ”ქართველი ხალხის მიზნებისთვის დაწერილი ხსენებული ნაშრომის კრიტიკა არ აკნინებს მის ღირსებას, აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ამის მაკეთებელნი დაავადებულნი არიან ქართველების და ქართველი ხალხის მტრობით”.

 

 

ვედი აშკაროღლუ: მე მქონდა წაკითხული რამდენიმე სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოს, აფხაზეთს, რუსეთთან ურთიერთობებს. დღეს წარმოდგენილ წიგნში ყველა წინადადება არის დადასტურებული სათანადო წყაროთი და ამიტომაც ჩემთვის ეს ნაშრომი უფრო დამაჯერებელია. შესანიშნავად არის თარგმნილი, თურქული საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე. თურქეთში 80 მლნ მოსახლება ცხოვრობს, მათ შორის ეთნიკური ქართველები და ეთნიკური აფხაზები. ეს წიგნი საინტერესო იქნება არა მხოლოდ მათთვის, არამედ ნებისმიერი მკითხველისთვის.

 

 

მარიკა ჯიქია: მართალია, წიგნი მხოლოდ ახლა ვიხილე, მაგრამ  შემიძლია გითხრათ, რომ არის უზადო თურქულით ნათარგმნი, რახან როინ ყავრელიშვილმა თარგმნა, ადამიანმა, რომელმაც ყველა თურქზე უკეთესად იცის, თურქული ენა.



ცისანა აბულაძე: ”სათქმელი ბევრია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: თქვენ იცით, რომ თურქეთში არის ძალიან დიდი დიასპორა აფხაზებისა, მათ გვერდში დგანან უბიხები და ისინი ხშირად ეკამათებიან იქ მცხოვრებ ძირძველ ქართველებს, აქედან ჩასულ სტუმრებსაც. მივესალმები ამ წიგნის გამოცემას და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ შედეგს გამოიღებს”.

 

 

გიორგი ანთელავა: ნებისმიერი საუბარი აფხაზეთზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე არის ძალიან მტკივნეული და რთული საკითხი. მეტსაც ვიტყოდი, - ბევრს არა აქვს უფლება ილაპარაკოს ისეთი ტონით, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის მასმედიის სივრცეში, როცა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანს ვერ გადაუწყვეტია ან არ იცის, რისი თქმა უნდა. ამიტომაც, ნებისმიერი სერიოზული გამოკვლევა ამ ურთიერთბების, ყოველთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის და მაღალი ფასის მატარებელი.



ზურაბ პაპასკირმა ავტორებს ნაშრომის გამოცემა მიულოცა და სოციალურ ქსელებში წიგნის სახელწოდებასთან დაკავშირებით (АBKHAZIA/GURCISTAN) გამოთქმულ ზოგიერთ კომენტარს ჭიქა წყალში ქარიშხალი უწოდა და დასძინა - ”საერთაშორისო საზოგადოებამ სწორედ ასეთი ფორმულირებით ცნო აფხაზეთი საქართველოდ და ამ აღიარებას კი არ უნდა შევებრძოლოთ, პირიქით, უნდა განვავრცოთ რაც შეიძლება ფართო საზღვრებში.

 

 

აპოლონ სილაგაძე: ”ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხედვების ფართო აუდიტორიასთან მიტანის საქმეში. ეს არის წიგნი, რომელსაც წაიკითხავს მტერი, ჩასაფრებული მტერი. ასეთი ნაშრომის გამოცემა ურთულესი და უმძიმესი საქმეა. ვულოცავ ამ წიგნის შემქმნელებს”.

 

 

ელგუჯა (გია) გვაზავა: დღეს, როცა ხმლის ქნევა შეცვალა ინფორმაციულმა ომმა, ასეთ ნაშრომს დიდი ფასი აქვს ქვეყნისთვის. ეს არის სიმართლე დაწერილი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ქართულად გამოცემაც აუცილებელია, რადგანაც სწორედ საქართველოში ვაწყდებით არანაკლებ წინააღმდეგობებს სიმართლის გაჟღერების დროს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

https://youtu.be/Nao9qMzw3bU

 

Print