კიდევ ერთი სოხუმელი კოლორიტი ზეციურ საქართველოში გადავიდა....
80 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე,  ცნობილი ქართველი ტენორი,  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო და სსრკ სახალხო არტისტი, ღირსეული ქართველი, ჭეშმარიტი პატრიოტი, ქ.სოხუმის კოლორიტი, ზურაბ სოტკილავა.

 

ზურაბ სოტკილავა დაიბადა სოხუმში 1937 წელს.

 

1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965წ. - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი).

 

1965-1974 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი.

 

1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" სტაჟიორად.

 

1974 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრში.

 

1980 წელს გახდა ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

 

ზურაბ სოტკილავა იყო მრავალი პრიზისა და ჯილდოს, პრემიის მფლობელი:

 

საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი;

 

ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფეოსის"(სოფია, 1968) მფლობელი;

 

პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი,

 

პრემია "ოვაციის" ლაურეატი.

 

აფხაზეთი იქცა მის მოურჩენელ ტკივილად. ბოლო წუთამდე ენატრებოდა სოხუმი, მშობლიური ეზო, ხალხი, ვისთანაც ცხოვრობდა და მეგობრობდა.... „ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ მე ჩავიდე სოხუმში... სანამ  იქიდან გამოდევნილი 300 000 ადამიანი არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ - ეს არის ჩემი პროტესტი!“

 

საქართველოს ძალიან დააკლდება ზურაბ სოტკილავას ლამაზი ტემბრის ხმა, გამორჩეული გამომსახველობით, მგზნებარე ტემპერამენტითა და დახვეწილი ოსტატობით შესრულებული სიმღერები....


Print