მცოცავი ანექსიის გაგრძელება

ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული მთავრობის ჩინოვნიკები რუსული ანექსიის  პოლიტიკის მორიგი პუნქტების განხორციელებაზე, კერძოდ უძრავი ქონების უცხო მოქალაქეებზე მიყიდვის ლეგიტიმაციაზე გადავიდნენ, რასაც ბოლო დრომდე დე-ფაქტო ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ:


 

„აფხაზეთში გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების როგორც მითვისების, ისე განადგურების პროცესი. ამაზე უნდა მიუთითებდეს სოხუმის ე. წ. საქალაქო კრების თავმჯდომარის კ. ფილიასა და მისი კოლეგების გუშინდელი ინიციატივაც. საქალაქო „კრების“ წევრების აზრით, აფხაზეთის „ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის“ აუცილებელია ჭანბას ქუჩაზე და შუქურას რაიონში საცხოვრებელი სახლების აშენება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მათი გასხვისება. იქვე დაზუსტებულია, ვინ შეიძლება იყვნენ ის უცხოელები, რომლებიც სოხუმში სახლებს შეიძენენ - რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც  აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარეს.


ზედმეტი კომენტარების გარეშე ყველაფერი ცხადი ხდება.  გადაწყვეტილია 1993 წლამდე  ძირითადად ქართველებით დასახლებული ჭანბას ქუჩისა და შუქურას რაიონის დღეს იქ „უპატრონოდ“  დარჩენილი სახლებით რუსების ხელში გადასვლა. ეჭვსგარეშეა, კ. ფილიამ მხოლოდ გააჟღერა ოკუპანტი სახელმწიფოს უკვე მოთხოვნად ქცეული სურვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების, არსებითად, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სახლების შეძენის უფლების მინიჭების შესახებ. შესაბამისი „საკანონმდებლო“ ბაზაც უკვე შექმნილია. ეს არის 2016 წლის 20 ივლისს ე. წ. სახალხო კრების მიერ მიღებული „კანონი“ რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ, რომლის მეოთხე მუხლი უშვებს პრივატიზაციის პროცესში უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობას. მხოლოდ აღნიშნული  „კანონის“ რეალიზების შემთხვევაში გაიღებს მოსკოვი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში „იგვიანებს“. სწორედ  იმ „დახმარებითა“ და ქართველთა სახლების ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებით აპირებს საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთის ეკონომიკის „გამოცოცხლებას“. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ გენადი გაგულიას მესამედ დანიშვნაც კრემლის იმპერიული გეგმების განხორციელებას   უნდა ემსახურებოდეს.


როგორც ვხედავთ, რუსეთის ფედერაციამ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი“ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ჩიხშიც შეიყვანა, „ეკონომიკური გამოცოცხლების“ ისეთ გზაზე დააყენა, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას სრულ ანექსიამდე და დამოუკიდებლობანას თამაშის სამუდამოდ დასრულებამდე, აფხაზ ხალხს კი გადაშენებამდე მიიყვანს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს საფრთხე, რომელიც კარს არის მომდგარი, გაცნობიერებულია  აფხაზური საზოგადოების მიერ.


დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ და ადექვატურ შეფასებას მისცემენ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთრების ხელყოფის, მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელების მორიგ აშკარა მცდელობას“.

 

Print