2008 წლის აგვისტოს რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად აგრესორმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა

2008  წლის  აგვისტოს  რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად  აგრესორმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.  იმავე  წლის 26 აგვისტოს  მოსკოვმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი  „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად  აღიარა.  როგორც მოსალოდნელი იყო,  ცივილიზებულმა სამყარომ  დაგმო კრემლის აღნიშნული ქმედება და  დღემდე მყარად  უჭერს მხარს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვითომ აღიარების დღიდან არც თუ მცირე  ხანი - 10 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ჯემალ გამახარიამ.


 

რუსეთის ფედერაცია უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პერმანენტულად აგრძელებს დაუნდობელ ომს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, მოსკოვმა იმთავითვე მიზნად დაისახა ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მათი შემდგომი ანექსიით. ამ მიზანს ემსახურებოდა 80-იანი წლების ბოლოდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კრემლის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური დესტაბილიზაციის პროცესები, რომლებიც თანდათანობით  საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, აგრეთვე ორივე რეგიონში კრემლის მიერ წარმართული „სამშვიდობო“ ოპერაციები. დასახული მიზნის მისაღწევად მოსკოვმა უარი თქვა საქართველოსთან სტრატეგიული კავშირის დამყარებაზე, 1994 წლის 3 თებერვალს  ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 1995 წლის 22 მარტს პარაფირებული, რუსეთისთვის უაღრესად მომგებიანი სამხედრო შეთანხმების რატიფიკაციაზეც კი.


XXI საუკუნის დასაწყისისთვის საქართველომ მთლიანად ამოწურა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების რესურსი. სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის, მითუმეტეს სამხედრო-სტრატეგიული კავშირის დამყარება შეუთავსებელი იყო საქართველოს ტერიტორიების მიტაცების უკვე ამოქმედებულ რუსულ გეგმასთან. აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, მოსკოვი არ ასრულებდა სამშვიდობო მანდატით აღებულ ვალდებულებებს.  სამშვიდობო მისია რუსული შესრულებით მხოლოდ ეთნიკური წმენდის, გენოციდის შედეგების დაკანონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსაგან მოწყვეტის ინტერესებს ემსახურებოდა. ჩრდილოელი მეზობლის მუდმივი აგრესიისა და აგრესიის მუქარის ქვეშ მყოფი საქართველო საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზენაესმა ინტერესმა საგარეოპოლიტიკური არჩევანის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დააყენა. მხოლოდ 2002 წლის 13 სექტემბერს, როცა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელი გახდა კრემლის ჭეშმარიტი მიზნები საქართველოს მიმართ, ქვეყნის  პარლამენტმა მიიღო ისტორიული დადგენილება ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. შესაბამისი განაცხადი საქართველომ იმავე წლის 22 ნოემბერს ნატოს პრაღის სამიტზე გააკეთა.


თბილისის ახალი საგარეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთისთვის გახდა კარგი საბაბი (და არა მიზეზი), რათა საქართველოს დანაწევრების გეგმის სისრულეში მოყვანის პროცესი დაეჩქარებინა. აგრესორი მიზანმიმართულად ბლოკავდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ქართულ და ასევე საერთაშორისო ინიციატივებს. იგი არ აგვარებდა, პირიქით, ამწვავებდა ვითარებას კონფლიქტურ რეგიონებში, აიარაღებდა სეპარატისტებს და თვითონაც ომისთვის ემზადებოდა. საქართველოს წინააღმდეგ საომარმა სამზადისმა გეგმაზომიერი ხასიათი კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა (2008 წლის 17 თებერვალი) და დასავლეთის მიერ მისი აღიარების შემდეგ მიიღო. ეს აღიარება „ძვირფასი საჩუქარი“ აღმოჩნდა ვ. პუტინისთვის. „კოსოვოს სცენარი“ საკუთარი ინტერპრეტაციით მან ე.წ. საშინაო დავალების რეალიზაციისთვის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის და მისი კონფლიქტური რეგიონების ოკუპაციის დაკანონებისთვის გამოიყენა.


2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა უხეშად დაარღვია რა საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმები,  მოსახლეობის დიდი ურავლესობისაგან დაცლილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამ სახით „გაიფორმა“ მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. „აღიარების“ უკანონო აქტით კრემლი ამაოდ ცდილობს სამხედრო ოკუპაციის აშკარა ფაქტის შენიღბვას. ეს ფაქტი დადასტურებულია საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ (2008 წლის 23 ოქტომბერი) და აღიარებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, ნატოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით. საერთაშორისო საზოგადოებრიობის პრინციპული პოზიციის მიუხედავად, რუსეთი აგძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ამასთანავე ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს მცოცავი ანექსიის პოლიტიკასაც.  ამაზე მიუთითებენ მოსკოვსა და სოხუმს შორის 2008 წლიდან, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში გაფორმებული სრულიად უკანონო დოკუმენტები. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ე. წ. ხელშეკრულებები „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ (2014 წლის 24 ნოემბერი), „რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ“ (2015 წლის 21 ნოემბერი) და ა. შ. ამ და სხვა „შეთანხმებების“ რეალიზაციის შედეგად აფხაზეთის ტერიტორია რუსეთმა საკუთარ სამხედრო ბაზად აქცია. მცოცავი ანექსიის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონში.


2009 წლის 1 თებერვლიდან აფხაზეთის ოკუპაციას უშუალოდ ახორციელებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი მე-7 სამხედრო ბაზა. მისი ინფრასტრუქტურა მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. აღნიშნული ბაზა წარმოადგენს „დამოუკიდებლობის“ პერიოდში აფხაზეთში შექმნილ ერთადერთ „ღირსშესანიშნაობას“. იგი აერთიანებს სამხედრო, სამხედრო-ადმინისტრაციულ და სამედიცინო ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე  გაგრიდან მდინარე ენგურამდე. მე-7 ბაზის პირადი შემადგენლობა კარგად გაწვრთნილ და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილ 4.5 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს.  ნატო თავის სამიტებზე და საპარლამენტო ასამბლეას სხდომებზე უკვე  ღიად გამოხატავს  შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაციის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას.


გარდა რუსული ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიისა, ფიქტიურმა დამოუკიდებლობამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სრული ეკონომიკური კრახი მოუტანა. ომამდე  ეკონომიკურად განვითარებული  ავტონომიები დღეს სულს ღაფავენ, მათ საკუთარი ბიუჯეტიც კი არ გააჩნიათ და მხოლოდ რუსული „დახმარების“ წყალობით არსებობენ. ე. წ.  ფინანსური ინვესტიციები მოსკოვიდან,  რომლებიც სულ უფრო და უფრო მცირდება, არ ემსახურებიან  ოკუპირებული რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. პირიქით, მათი მიზანია ეკონომიკური სიდუხჭირის შენარჩუნება და გაღრმავება,  დამშეული მოსახლეობის მიყვანა რუსეთის შემადგენლობაში მიღების აუცილებლობის თვითშეგნებამდე. ერთი სიტყვით, მოსკოვური „ინვესტიციები“ - მცოცავი ანექსიის პოლიტიკის ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტია.


რუსეთი ერთი ხელით ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო „აღიარების“ მიღწევას, რათა მოახდინოს 2008 წლის აგვსტოში ჩადენილი დანაშაულისა და უკანონობის ლეგიტიმაცია. მეორე ხელით იგი ახდენს აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაციას, როცა პირდაპირი გაგებით ყიდულობს  „დამოუკიდებლობის“ აღიარებას დისკრედიტირებული, ცივილიზებული სამყაროსაგან იზოლირებული ტოტალიტარული რეჟიმებისაგან. როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო „აღიარების“, ისე „დამოუკიდებლობის“ იდეის დისკრედიტაციის რუსული პოლიტიკა ისევ და ისევ მცოცავი ანექსიის მიზნებს ემსახურება.


ათწლიანი „აღიარების“ ერთ-ერთი შედეგია საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევა, ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები კანონგარეშე, „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებად არიან გამოცხადებული.  მათ ჩამორთმეული აქვთ მამა-პაპათაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების განკარგვის, საკუთრების შეძენისა და გასხვისების, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ქორწინებისა და აგრეთვე ახალშობილთა აფხაზეთის ტერიტორიაზე რეგისტრაციის უფლება. მსგავსი დისკრიმინაცია, რომელიც აშკარად შეიცავს გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებს, ემსახურება ქართული მოსახლეობის ასიმილაციის ან საკუთარი სახლებიდან განდევნის და ამ გზით „ქართული საკითხის“ ერთხელ და სამუდამოდ „მოგვარების“ დანაშაულებრივ მიზანს. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ არ გამოვრიცხავთ დამნაშავეთა წარდგენას სათანადო საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.


ოკუპანტების ხელში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაქცეულია ტერიტორიებად, სადაც  თვით აფხაზთა და ოსთა გადაშენების კრემლისეული გეგმა, მთელი ძალითაა ამოქმედებული.


სრულიად განსხვავებულია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკა.  ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  თბილისის მიზანი იყო და არის ოკუპირებულ ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებთან სავაჭრო-ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირების აღდგენა-წახალისება, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა. მთავარი მიზანი - გარედან თავსმოხვეული ომების შედეგად გამყოფი ხაზების მეორე მხარეს აღმოჩენილ ჩვენს მოქალაქეებთან შერიგებაა. მკაცრი რეალობა, გადარჩენის  საერთო ინტერესები, გვინდა ეს თუ არ გვინდა, მოითხოვს ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების შერიგებას. სხვა ალტერნატივა არც არსებობს.

 

ასეთია ათწლიანი „აღიარების“ მთავარი გაკვეთილი.

Print
Chairman

Biography
Calendar
«« November 2018 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
Photo Gallery
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions