აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

18 წელი სრულდება აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მიერ ინსპირირებული სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან. დღეს მთელმა მსოფლიომ თვალნათლივ დაინახა რუსეთის იმპერიული ამბიციების და მოღალატური პოლიტიკის შედეგები. რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა აზრი იმის შესახებ, რომ აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტის უკან ყოველთვის იდგა რუსეთი, რომელმაც 2008 წლის 26 აგვისტოს საბოლოოდ გამოაშკარავა თავისი იმპერიული პოლიტიკის ფაქტობრივი მიზანი – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული თვითმარქვია რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარება.

 

რუსეთის პრეზიდენტის დ.მედვედევის ა.წ. 8 აგვისტოს სოხუმში ჩასვლა ახალი პოლიტიკური გამოწვევაა მსოფლიოს პროგრესული და დემოკრატიული თანამეგობრობისა და საერთაშორისო ოგანიზაციების მიმართ. სახეზეა აშკარა პოლიტიკური ცინიზმი, სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის ფუძემდებლური პრინციპების უგულებელყოფა, მოსკოვის მიერ მსოფლიოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული იგნორირება.

 

დასანანია, რომ მიუხედავად ქართული მხარის საგანგაშო მიმართვებისა, მსოფლიო თანამეგობრობამ ადექვატურად ვერ შეაფასა რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის მზაკვრული მიზნები საქართველოში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პირდაპირ სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა და აფხაზეთისა და ცხინვალის – ძირძველი ქართული რეგიონების ოკუპაციით დასრულდა. მედვედევის ქურდული ჩასვლა სოხუმში, ქართველთა და აფხაზთა სისხლით მორწყულ ქუჩებში გასეირნება – არის რუსეთის მიერ აფხაზეთში პროვოცირებული საომარი მოქმედებების დროს ათასობით დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის შეურაცხყოფა, რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების გამართლების მცდელობა.


ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ თანამემამულეებს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული შვილების, მეუღლეებისა და მშობლების, ახლო ნათესავების დაღუპვის გამო, ქედს ვიხრით აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნის, დევნილი მოსახლეობის ჭირთათმენის, გამძლეობის, პოლიტიკური სიმწიფის და სულიერი სიმტკიცის წინაშე.

მივმართავთ გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და საერთაშორისო მისიებს – ხმა აღიმაღლონ და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები რუსეთის აღვირახსნილობის ასალაგმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისათვის.

 

10.08.2010წ.

ბეჭდვა