საიუბილეო საღამო სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს - „თეთრი ტალღა“დაარსებიდან ოცდაათი წელი შეუსრულდა; მის დამაარსებელს, ცნობილ მსახიობს და რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანს კი - სასცენო მოღვაწეობის სამოცდახუთი წელი.

„თეთრი ტალღა“ სოხუმში ქართული საბავშვო თეატრის სახით შეიქმნა და მნიშვნელოვანი სიახლე იყო აფხაზეთში ქართული კულტურის განმტკიცების გზაზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ, მალე იქ გაჩაღებულმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომმა, მოზარდთა თეატრის ფუნქციონირებას წერტილი დაუსვა.

ბატონი გიორგი რატიანის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი მიზანდასახული და მუხლჩაუხრელი  მონდომების შედეგად შეძლო სოხუმში ძალზედ საინტერესოდ დაწყებული, მაგრამ საომარი მოქმედებებისა და სოხუმის დაცემის გამო შეწყვეტილი ბავშვთა თეატრის მოღვაწეობა დევნილობის პირველივე წლებიდან დედაქალაქში აეღორძინებინა. გიორგი რატიანმა კვლავ შემოიკრიბა ნიჭიერი გოგო-ბიჭები აფხაზეთიდან და ხელოვნების ცალკეულ გულშემატკივართა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანადგომით „თეთრმა ტალღამ“ თბილისში დაიწყო ფუნქციონირება როგორც მოზარდთა ანგარიშგასაწევმა  ხელოვნების ცენტრმა. გიორგი რატიანისა და მოზარდთა დასის  შემოქმედებითმა მიღწევებმა განაპირობა, რომ „თეთრ ტალღას“ სახელმწიფო თეატრის წოდება მიენიჭა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, 4 თებერვალს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - „თეთრი ტალღას“ დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის" დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით  გიორგი რატიანს და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიხეილ რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ მიხეილ რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილესა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღის" დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სხვადასხვა ნომინაციაში თეატრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცა.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ საქართველოს სახალხო არტისტ გიორგი რატიანს სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია მიანიჭა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს, თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა სახელობითი ჯილდოები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრი,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 
























































































































































































ბეჭდვა